„შპორტ ბილდმა” საკითხი წამოჭრა: „დორტმუნდის” ინგლისელმა ფეხბურთელმა, 20 წლის ჯეიდონ სანჩომ, „პადერბორნის” კარში გოლის გატანის შემდეგ ზედა მაისური გაიხადა და გამოაჩინა ქვედა მაისურზე დატანებული წარწერა, რომლითაც ის აშშ-ში, მინეაპოლისში მომხდარ მკვლელობას გამოეხმაურა. სანჩოს ეწერა: სამართალი ჯორჯ ფლოიდისთვის.

ჯორჯ ფლოიდის ამბავი, რომელმაც მთელს აშშ-სა და მსოფლიოში რისხვა გამოიწვია ყველამ იცის, ამიტომ აქ დეტალურად აღარ გავიმეორებთ. მოკლედ ვიტყვით, რომ თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩაუვინმა შავკანიან მოქალაქეს ჯორჯ ფლოიდს დაჭერის დროს ყელზე მუხლი 8 წუთის და 46 წამის განმავლობაში დააჭირა და გაგუდა.

ფლოიდის დაჭერის მიზეზი იყო ყალბი 20 დოლარიანი, რომლის გასაღებასაც როგორც ჩანს ის მარკეტში ცდილობდა. პოლიციის ცნობით, ფლოიდი დაკავებისას სამართალდამცველებს შეეწინააღმდეგა და უხეში ძალის გამოყენება ამის გამო გახდა საჭირო, მაგრამ ძალაც არის და ძალაც.

ჯეიდონ სანჩოს საქციელმა კი დილემა წარმოქმნა. ფეხბურთის რეგულაციებში მკაფიოდ წერია, რომ მოთამაშეებს მოედანზე პოლიტიკური ხასიათის აქტივობები ეკრძალებათ. სანჩოს რეაქცია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაზე კი სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური აქცია — გარდა ადამიანის უფლებების დაცვისა და პოლიციის თვითნებობის დაგმობისა, ის რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ გალაშქრებაა.

ახლა, სპორტის სასამართლოს სხვა გზა არ აქვს, ჯეიდონ სანჩო უნდა დასაჯოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონზე თვალის დახუჭვაც გამოუვა და შერჩევითი სამართლის პრეცედენტსაც დაუშვებს: ვთქვათ, ხვალ ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთსა და ბორდერიზაციაზე ან კატალონიელმა ესპანეთიდან გამოყოფაზე რომ დაიწეროს რამე, მათ ულაპარაკოდ დასჯიან.

მეორე მხრივ, დემოკრატიული სამყარო ხვდება, რომ ის, რაც სანჩომ მაისურზე დაიწერა მართალია და ინგლისელ ფეხბურთელს სოლიდარობას უცხადებს.

ამიტომ, „შპორტ ბილდი” ვისაც ჯერ არს სთავაზობს, რომ სანჩოს შემთხვევით ისარგებლოს და კანონი შეცვალოს. დაე ფეხბურთელებს თამაშის დროს მიეცეთ პოლიტიკური აზრის გამოხატვის უფლება, ოღონდ იმედი ვიქონიოთ, რომ ისინი შეგნებულები აღმოჩნდებიან და ამას არ გააკეთებენო.

რასაკვირველია, გერმანული გამოცემა ხვდება, რომ კანონის ცვლილებას დიდი პრობლემები მოჰყვება, მაგრამ დღეს ჯეიდონ სანჩოს დასჯა იმდენად არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რომ…