„ვესტ ჰემის” ვიცე-თავმჯდომარე ქალბატონი კარინ ბრეიდი წერს, რომ პრემიერლიგის მეწილეთა ბოლო ვიდეოკონფერენცია სარეკორდოდ დიდხანს, 5 საათს გაგრძელდა და ასკვნის, რომ გასარჩევი და სალაპარაკო მართლაც ბევრია.
ბრეიდი ამბობს, რომ კოლეგებთან საუბარი და ერთმანეთისთვის აზრების გაზიარება შეწყვეტილი შეჯიბრების განახლებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„კარგი ის იყო, რომ ყველანი 17 ივნისზე შევთანხმდით” — ამბობს „ჩექუჩების” ვიცე-თავმჯდომარე. ანუ გადაწყდა, რომ ჩემპიონატი ჩვიდმეტში ორი გადადებული თამაშით „მანჩესტერ სიტი” – „არსენალითა” და „ასტონ ვილა” – „შეფილდით” დაბრუნდება.
დასრულებით კი ყველაფერი 25 ივლისს უნდა დასრულდეს, რადგან აგვისტოში უეფას ევროთასების, ხოლო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას თავისი თასის დამთავრების საშუალება მიეცეს.
ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი 1 აგვისტოსთვის არის ჩაფიქრებული, მანამდე კი პრემიერლიგის შეხვედრების პარალელურად ჩასატარებელია ამ გათამაშების მეოთხედფინალი და ნახევარფინალი.
გუნდები უკვე კონტაქტურ ვარჯიშებზე გადავიდნენ და თავს არ ზოგავენ, რომ განახლებულ შეჯიბრებას ფიზიკურად მომზადებულები შეხვდნენ. ბრეიდის თქმით, ბევრ ფეხბურთელსა და გუნდს ამხელა შესვენება არასდროს ჰქონია.
კარინ ბრეიდი: „ზოგმა კლუბმა ვიდეოკონფერენციაზე უკვე დაიჩივლა, რომ უქმობიდან დაბრუნებულმა ფეხბურთელებმა ტრავმები მიიღეს. ერთი სიტყვით, ძალიან დელიკატური ბალანსი გვაქვს დასაცავი, მაგრამ როგორც არ უნდა მოვინდომოთ, ერთ რამეს ვერსად გავექცევით — „რესტარტი” სრულყოფილი არ იქნება. თუ ჩემპიონატის ჩამთავრება გვინდა, ამას უნდა შევეგუოთ.
ჩვენ ბევრი ვიკამათეთ გუნდების მომზადებაზე ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, იმაზე, თუ რას შეიძლება ვუწოდოთ დარჩენილი ტურების ჩასატარებლად კარგად მომზადებული გუნდი.
გარდა ამისა, შედეგები ძალიან იქნება დამოკიდებული არა მარტო საფეხბურთო ასპექტებზე, არამედ იმაზე, თუ რამდენი მოთამაშე დაგიავადდება კორონავირუსით და რამდენის გაშვება მოგიწევს თვითიზოლაციაში. სულ არ არის გამორიცხული, რომ შეჯიბრებაში საუკეთესო შემადგენლობით მონაწილეობა ვერ მოახერხო.
ანდა, რა მოხდება თუ კონკურენტი გუნდები არ გაიყვანენ მოედანზე უძლიერეს შემადგენლობას, ვინაიდან მათ უბრალოდ მიზანი არ ექნებათ? შესაძლოა, თავიანთი ფეხბურთელების დანდობა და მეტად დასვენება მოუნდეთ.
არც ის არის გამორიცხული, რომ მწვრთნელი გაგიხდეს ავად, როგორც ეს მარტში „არსენალს” მოუვიდა.
თან ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ ინგლისში კორონავირუსით ვინმე გარდაიცვლებოდა. წარმოგიდგენიათ, მაშინდელმა მდგომარეობამ ჩაშალა ჩემპიონატი და რას შეიძლება მოხდეს დღეს, როდესა ქვეყანაში 37 000 გარდაცვლილი გვყავს?
გამოდის, რომ თუკი გეყოლება 15 ჯანმრთელი ფეხბურთელი (მეკარის ჩათვლით) — არ ექნება მნიშვნელობა ამ ხალხს 25 კაციანი „დიდი გუნდიდან” შეკრებ თუ 21 წლამდელებიდან, — ჩაითვლება, რომ შენ პრემიერლიგის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობა სრულფასოვნად შეგიძლია.
ვფიქრობ, ეს 5 ცვლილების იდეასაც ეწინააღმდეგება, რადგან თუკი 15 ფეხბურთელის ყოლა საკმარისია, 5 ცვლილებას ვერ გააკეთებ.
მაგრამ, ვაი თუ ზოგმა გუნდმა 15 ფეხბურთელიც ვერ შეაგროვოს?
ანდა, ხომ შეიძლება მთავრობამ გამოაცხადოს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვიდა და შეჯიბრების განახლება საერთოდ აგვიკრძალოს.
ასეთ შემთხვევაში სეზონი შეწყდება და სავარაუდოდ, ყველას საშუალო ქულა დაეწერება. ეს გახლავთ მარტივი მოდელი, როდესაც გუნდების მიერ დაგროვებული ქულათა რაოდენობა გაიყოფა თამაშების რაოდენობაზე და ადგილები ისე განაწილდება.
ასეთი არითმეტიკის შედეგად პრემიერლიგიდან გავარდება სამი გუნდი — რა გულსატკენი დასასრულია ისტორიაში ყველაზე უიღბლო ჩემპიონატისთვის.
შესაძლოა, ეს მეთოდი დავაკანონოთ და საჭიროების შემთხვევაში მომდევნო სეზონებშიც გამოვიყენოთ, ვინაიდან covid 19 როგორც ჩანს არსად აპირებს წასვლას.
საკითხი ჯერ განსახილველია და მას სულ მცირე თოთხმეტმა კლუბმა მაინც უნდა დაუჭიროს მხარი.
მე პირადად მირჩევნია, რომ ფეხბურთში ადგილები თამაშით განაწილდეს და არა ფორმულის მიხედვით”.