საქართველოს თასის ფინალი არასოდეს გამიცდენია. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ფინალი წმინდა საქმეა. რაც არ უნდა უვარგისი იყოს, ფინალია და მორჩა. დღეც საუცხოო აქვს შერჩეული და ყველაფერი. მერე რა, რომ თამაში მაინცდამაინც არ გამოდის ხოლმე. ფინალი ფინალია და საყურებელი რამეა.

საქართველოს თასის ფინალი არ გამიცდენია-მეთქი, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ წლევანდლამდე არ გამიცდენია. წელს კი იმთავითვე გადავწყვიტე, არ წავალ, წყვილი კარგახნის ნაცნობია და შედეგიც, ასე თუ ისე, გამოსაცნობი-მეთქი. კაი დაგემართოთ, საფეხბურთო ფორტუნისა ან კიდევ მოულოდნელობისა რომ არ უნდა დაივიწყო, ხომ დამტკიცდა?

დინამო" ბათუმი -> თბილისის ფორუმითანაც 26 მაისს ძმაბიჭის დაბადების დღეა და ყოველთვის ვეუბნები: “შენთან არ მოვდივარ, მივდივარ ფინალზე”, ეგებ ეს სიგიჟეც იყოს, მაგრამ ჩვენ კარგი ძმაბიჭობა გვაქვს და ურთიერთწყენას სიცილ-ხარხარით გამოვხატავთ, ახლა კი დავადე თავი და ავედი პურიჭამაში. შუა ამბავში გულმა არ მომცა და ტელევიზორთან გადავჯექი. პირველი ტაიმი ვნახე, ვაჰ! აქეთ ბათუმელების გოლი, იქეთ რატი ალექსიძის ინგლისურად ნათხლეში. სუფრა-ტელევიზორი, სუფრა-ტელევიზორი და შეხმატკბილებით მივდივართ დამატებითი დროისკენ, გადავედი “კოკა-კოლას” სმაზე, უერთმნიშვნელოვნად და საბოლოოდ. იქეთ ხალხი ქეიფობს, აქეთ მე და ჩემი ძმაბიჭის პატარა ბიჭი ფეხბურთს ვუყურებთ. შემოვიდა ჩემი ძმაბიჭი და წასულიყავი, რას იწვალებ თავსო. რა დროსია? მალე დამატებითი დაიწყება.

მაგრამ ჰოი, უიღბლობავ, საერთოდ ისიც საკვირველია, რომ ფეხბურთი ჩატარდა. მოგეხსენებათ, რაც ხდება ქვეყნის ერთ კიდეზე სისხლისმღვრელი ბრძოლები მიმდინარეობს და ამ კონფლიქტში ფეხბურთზე ლაპარაკიც კი უადგილოა. მაგრამ რას იზამ? გაგიწია გულმა ფეხბურთისკენ და მორჩა. ტელევიზია კი სწორედ საგანგებო ტალღაზე მუშაობს, გავიდა ათი-თხუთმეტი წუთი, ფეხბურთი არ არის. გავიდა კიდევ ხუთი, არ არის, თურმე, მეორე დამატებითი ტაიმის ჩვენება განუზრახავთ და მე რა ვიცი?

ავდექი და წამოვედი. წამოვედი რა. ვფიქრობ, ტაქსს დავიჭერ და სტადიონზე წავალ. პენალტებზე ვარ ორიენტირებული. ეს ტაქსი კი უქმე დღის ბრალი იყო თუ სხვა რამ, არ ჩანს, ყოველთვის ბევრია, ახლა კი არ ჩანს, ეტყობა ტაქსისტებიც სტადიონზე წავიდნენ. მოკლედ, ათ წუთს ვიდექი და მივხვდი, რომ საერთოდ ვეღარა ვნახავდი ფეხბურთს. ამიტომ ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადავდგი და შინ წავედი (ჩვენი სახლები არც ისე შორსაა). გზად გიგუშა შემხვდა. გიგუშა არ ცნობს ქართულ ფინალებს. უყვარს „იუვენტუსი“, ბევრი ლაპარაკი და არის გულგატეხილი. ასე რომ, შინ რომ მივედი, აღარც ფეხბურთი იყო, აღარც თასი და აღარც ანგარიში. ფეხბურთის შედეგი ცოლს რომ ჰკითხოს კაცმა, სულელი უნდა იყოს. არა, ყოფილა შემთხვევა, დამიბარებია, ამა და ამ დროს, ამა და ამ არხის ტელეტექსტზე ეს და ეს დაიწერება და დაიმახსოვრე-მეთქი. მაგრამ სულ ტყუილად. ამიტომ არაფერი მიკითხავს. და განა საკვირველი არ არის, შუა ქალაქში თამაში დამთავრებულიყოს და კაცმა შედეგი ვერსაიდან გაიგოს?

ქვიზი: რა იცი დინამო ბათუმის შესახებ ...კარგა ერთი საათის შემდეგ მოვისმინე „რუსთავი 2“-ზე, თანაც მხოლოდ შედეგი. რეპორტაჟი არ იყო. გოლი დღემდე არ მინახავს. „ბათუმმა“ პირველად მოიგო თასი, „დინამომ“ დუბლს ააცდინა. ტირილიც ყოფილა და სიხარულიც, როგორც წესია, ისე.

მე კი რა უნდა ვთქვა?

ფინალს აღარ გავაცდენ. ჯერჯერობით მაინც. ძლივს საფეხბურთო ინტრიგა დავლანდეთ და რაღა მაინცდამაინც ამ დღეს მომექცა ფეხი? თქვენ გგონიათ კიდევ დამემართება ასეთი რამ? აი, ამ საღამოს კი მოწესრიგებული ვხვდები. ჩამოვიდა ერთ დროს ამხანაგური თამაშების მსოფლიო ჩემპიონად წოდებული რუსთა (სსრკ) გუნდი, რომელიც გუნდი ვერ არის და ერთხმად აცხადებს, ფრე იქნებაო.

არა მგონია, ასე გამზადებული ფრე იყოს, გაკვეთილად ფინალიც მეყოფა. სულ გგონია, მიეჩვევი და მერე საპირისპირო ხდება. ბურთი, მოგეხსენებათ და, მრგვალია. თანაც, საქართველოსთვის ყოველი ამხანაგური ტესტს ჰგავს.

ტესტი კი შესავსებია.

და მაინც, ფინალის გაცდენაზე აღარ ვლაპარაკობ.

05. 30.1998

წილი
წინა სტატიაბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
შემდეგი სტატიასპორტი, დისტანცია, ჰიგიენა
გიო ახვლედიანს „სარბიელში“ ხუმრობით ცოცხალ კლასიკოსს ვეძახდით, თუმცა რაღა ხუმრობით, ერთი კრიტიკოსის აზრით, 90-იანი წლების ქართული პროზა გიო ახვლედიანის, იგივე აკა მორჩილაძის დროება იყო. „სარბიელში“, მაგალითად, ინგლისური პრემიერლიგის ამბებს მიმოიხილავდა ირაკლი გამყრელიძის ფსევდონიმით, საკრივო ამბებს კი ალბერტ ხაჩატურიშვილის სახელით. მეტწილად ცხოვრობს ლონდონში, „სარბიელში“ მუშაობისას კი მის ოთახში, კედელზე მიჭედებულ ლურსმანზე ეკიდა ჰოლმსისეული სამონადირეო ქუდი.