ჰოლანდიელმა ვეტერანმა რობინ ვან პერსიმ კიდევ ერთხელ გააბრაზა „არსენალის” გულშემატკივარი. ამჯერად მან სერ ალექს ფერგიუსონი არსენ ვენგერზე მაღლა დააყენა.
პირველად, თავდამსხმელმა ჩრდილო ლონდონელი ფანობა 2012 წელს შეურაცხყო, როდესაც მათი გუნდი დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა.
ვან პერსიმ „არსენალში” 8 წელიწადი გაატარა, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედში” მხოლოდ სამი. ამის მიუხედავად, მან პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული სწორედ „იუნაიტედში” მოიპოვა. ეს იყო 2012-13 წლების სეზონში, რომელშიც ჰოლანდიელმა 26 გოლი გაიტანა, მათ შორის „ასტონ ვილას” კარში, რომელმაც გუნდს ჩემპიონობა მოუტანა.
ჩვენ უკვე მოგახსენეთ, თუ რა თქვა ვან პერსიმ თანამემამულე მწვრთნელზე ლუის ვან გაალზე წიგნში „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება”. მან ფერგიუსონი და ვენგერიც ამავე წიგნში შეადარა ერთმანეთს.
„ფერგიუსონი ნამდვილად სუპერმწვრთნელი იყო. უნდა გენახათ, მის ხელში მთელი გუნდი როგორი ბედნიერი და მობილიზებული გახლდათ.
ვენგერი კი უფრო ფერგიუსონისა და ვან გაალის კომბინაციას წარმოადგენდა. არსენი ყოველთვის დადებითს უსვამდა ხაზს და იმას ეძებდა, რაც დიდხანს იმუშავებდა.
ნუ, ტაქტიკურად ვან გაალია გენიოსი. ამას ვერ უარყოფ.
ერთი სიტყვით, მე კარიერაში მყავდა მწვრთნელები, რომლებსაც თავიანთი ძლიერი მხარეები ჰქონდათ. თუმცა, მათ შორის სუპერმწვრთნელი ალექს ფერგიუსონი იყო”.
ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედს” 1500 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რომელთაგან 895 მოაგებინა, 338 ფრედ დასრულდა, ხოლო 267 წააგო. ამრიგად, გამარჯვების პროცენტია 59,7.
ვენგერის წინამძღოლობით კი „არსენალმა” 1235 შეხვედრიდან 707 მოიგო, 280 ფრედ დაასრულა და 248 წააგო — გამარჯვების პროცენტია 57,2.
ფრანგს ერთი ისეთი რამ აქვს გაკეთებული, რაც ისტორიაში შევიდა: წაუგებლად გახდა ჩემპიონი; სამაგიეროდ, შოტლანდიელმა „იუნაიტედს” 26 ტიტული მოაგებინა (შეადარეთ ვენგერის 10 ტიტულს).
რაც შეეხება ვან პერსის, ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” 2015 წელს წავიდა, რის შემდეგაც ცოტა ხანს „ფენერბაჰჩეში” ითამაშა, მერე ორი სეზონი „ფეიენოორდში” გაატარა და ამით დაასრულა კიდეც კარიერა.