ამანდა სტეივლი

„ნიუკასლ იუნაიტედის” 300 მილიონიანი ყიდვა-გაყიდვა დამტკიცდა. პრემიერლიგამ მყიდველი მხარე შეისწავლა და მწვანე აანთო. ამიერიდან, „კაჭკაჭებს” ფლობს კონსორციუმი, რომელსაც ინგლისელი ბიზნესლედი ამანდა სტეივლი წარმოადგენს, მაგრამ რეალურად საუდელებისაა.

„ნიუკასლის” გაყიდვის საკითხი აქამდეც უნდა გადაწყვეტილიყო, მაგრამ პრემიერლიგის შეფები covid 19-თ გამოწვეულ საფეხბურთო პრობლემებს აგვარებდნენ და დაყოვნდნენ. ერთი ფაქტია: მიზეზი, რომლის გამოც გარიგება შეიძლებოდა ჩაშლილიყო, ვერ მოიძებნა.

ერთადერთი რაც დარჩა, ფულის გადარიცხვაა. საბანკო ოპერაციებს და საბუთების წესრიგში მოყვანას დრო სჭირდება. ეს პროცესი, სავარაუდოდ 1 ივნისისთვის დასრულდება.

კლუბის ახალ პატრონთან გადასვლა გულშემატკივარს ძალიან გაუხარდა, რადგან მათ ძველი მფლობელი მაიკ ეშლი სძულდათ. მის ხელში „კაჭკაჭები” ორჯერ გავარდნენ პრემიერლიგიდან. ეშლი „ნიუკასლს” 13 წელი მართავდა და ფანების აზრით ძუნწი იყო.

გულშემატკივრის აზრით, ახლა კლუბს საუდის არაბეთის სახალხო საინვესტიციო ფონდი და ბრიტანელი მილიარდერები, ინდოეთში დაბადებული ძმები დევიდ და საიმონ რიუბენები ააღორძინებენ. ამ ეტაპზე წარმოშობით ბაღდადელი ებრაელების, რიუბინების როლი და წილი „ნიუკასლის” ფლობაში უცნობია, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის.

„ნიუკასლ იუნაიტედის” მწვრთნელი გახლავთ სტივ ბრუსი, რომელსაც ახალი მეპატრონეები მაურისიო პოჩეტინოთი ან რაფა ბენიტესით უპირებენ შეცვლას. ამის მიუხედავად ბრიუსმა თქვა: „ყველაფერი რაც ახლა ხდება „ნიუკასლისთვის” კარგია. გუნდი დაბრუნდება ძლიერთა მარაქაში და უმაღლესი შედეგებისთვის იბრძოლებს. პირადად მე, ახალ მეპატრონეებს მხარს ვუჭერ”.

„ნიუკასლ იუნაიტედთან” დაკავშირებით საინტერესო კიდევ ის ხდება, რომ „ტოტენჰემიდან” იჯარის წესით გადმოყვანილი 29 წლის მარცხენა მცველ-ნახევარმცველი დენი როუზი პანდემიის პირობებში ჩემპიონატის განახლების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ ფეხბურთელებს ლაბორატორიის ვირთხებივით ექცევიან.

სტივ ბრუსი: „კარგი იქნება თუკი როუზი სიტყვებს უფრო ფრთხილად შეარჩევს, თუმცა აზრის გამოთქმის უფლება, რასაკვირველია, აქვს”.

„ნიუკასლ იუნაიტედის” მყიდველი არაბული ფონდის თავკაცი თვით საუდეთის კრონ პრინცი მოჰამედ ბინ სალმანი (შავ-თეთრ ფოტოზე) გახლავთ.