პრემიერლიგაში ჩატარებულმა ტესტებმა ექვს ადამიანს დაუდგინა covid 19, მათ შორის ერთ-ერთი „უოტფორდის” მოთამაშეა. გუნდები საწვრთნელ პროცესს ამ კვირაში დაუბრუნდნენ. სულ 748 ტესტი ჩატარდა.
კორონავირუსით დაავადებული ფეხბურთელის ვინაობას უოტფორდელები ჯერჯერობით მალავენ, ამ კლუბზე კი ყურადღება იმიტომ გავამახვილეთ, რომ ბოლო პერიოდში მისმა მოთამაშემ ტროი დინმა „პროექტის განახლების” წინააღმდეგ ბრძოლით გამოიჩინა თავი და ახლა თავისი სიმართლის არგუმენტებით გამყარებას შეეცდება. აქვს კიდევაც საბაბი: ექვსი ინფიცირებულიდან კიდევ ორი ამ კლუბის თანამშრომელია.
თუმცა, ტესტირების შედეგებმა პრემიერლიგის შეფებზე სულ სხვა შთაბეჭდილება მოახდინა. ეს რა ცოტა დაავადებული გვყოლიაო და გახარებულები 12 ივნისს შეჯიბრების განსაახლებლად გაზრდილი ენთუზიაზმით ემზადებიან.
მოგახსენებთ, რომ მას მერე, რაც პრემიერლიგამ პოლიციასთან მოილაპარაკა, თამაშები შეიძლება ნეიტრალურ მოედნებზე კი არა, კალენდრის მიხედვით ჩატარდეს. და თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, პირველი მატჩი „ტოტენჰემი” — „მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება.
როგორც მოგახსენეთ, „უოტფორდი” თავისი ინფიცირებულების ვინაობას მალავს. მალავენ სხვა კლუბებიც. „ბარნლი” კი ასახელებს: მწვრთნელის ასისტენტი იან ვოანი. ვოანის დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ის შინ არის.
ექვსეულს, რომელსაც covid 19 აღმოაჩნდა, შემდეგ გამოკვლევამდე ერთკვირიანი თვითიზოლაცია მოუწევს.
„ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, ექსპერტი ჯეიმი კარაგერი ამბობს, რომ ფეხბურთელებიდან კორონავირუსით არავინ რომ ყოფილიყო ავად, ის უფრო გაუკვირდებოდა.
„პირადად მე მაშინ გავოცდებოდი ჩვენს ქვეყანაში covid 19 ერთ ფეხბურთელსაც რომ არ ჰქონოდა. ასე რომ, ჩემთვის ამ შედეგებში უცნაური არაფერია”.