ფეხბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტატისტიკაა, რომელსაც ძალიან ხშირად ითვლიან სპეციალისტები. ჰოდა, სწორედ ამ სტატისტიკით „დორტმუნდის“ ერლინგ ჰოლანდი უკვე სჯობნის დღევანდელი ფეხბურთის ორ წაუქცეველ ფიგურას – ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს. თანაც, დიდი უპირატესობით.
გერმანიის განახლებულ ჩემპიონატში „დორტმუნდმა“ გელზენკირხენის „შალკე“ 4:0 რომ გაანადგურა, ალბათ, იცით. ისიც გეცოდინებათ, 19 წლის ნორვეგიელმა ანგარიში რომ გახსნა. ეს კი, მისთვის სეზონში 41-ე გოლი გამოდგა, რაც ნიშნავს, რომ ჰოლანდი ერთ სეზონში 41 გოლზე უფრო სწრაფად ავიდა, ვიდრე თავის დროზე რონალდუ და მესი.
მესი 22 წლის იყო, როცა პირველად სეზონში 41 გოლზე ავიდა (2009-10), ხოლო რონალდუმ იგივე 23 წლის ასაკში მოახერხა (2007-08).
ჰოლანდი 41-ე გოლისას 19 წლის, 9 თვისა და 23 დღის იყო.
ნორვეგიელმა 16 გოლი ზალცბურგის შემადგენლობაში ავსტრიის ბუნდესლიგაში გაიტანა, 4 ავსტრიის თასზე და 8 ჩემპიონთა ლიგაში, 10 ბურთი აქვს შეგდებული გერმანიის ბუნდესლიგაში, 1 გერმანიის თასზე და 2 ჩემპიონთა ლიგაში უკვე „დორტმუნდის“ მაისურით.
გარდა ამისა, გამოითვალეს, რომ „დორტმუნდის“ 19 წლის ფენომენს გერმანიის ბუნდესლიგაში უფრო ხშირად გააქვს, ვიდრე – რობერტ ლევანდოვსკის. ნორვეგიელს ყოველ 60 წუთში ერთხელ გააქვს, ლევანდოვსკის – 82 წუთში…