ტროი დინი ამბობს, რომ „უოტფორდის” ვარჯიშებს არ შეუერთდა. მას ეშინია, რომ თუკი ფეხბურთი აღდგება, ის თავის ხუთი თვის შვილს covd 19-ს გადასდებს. ის აგრეთვე ეგრეთწოდებულ BAME ფეხბურთელებზე (შავკანიანებზე, აზიელებზე და ეთნიკურ უმცირესობებზე) ზრუნავს. შიშობს, რომ ისინი დიდი დარტყმის ქვეშ დადგებიან.
დინი პრემიერლიგისა და მასში გაერთიანებული 20 კლუბის შეფების თათბირებზე მოსმენილმა არგუმენტებმა ვერ დააკმაყოფილა. მან თქვა:
„ჩვენ ამ კვირაში ვარჯიშებს დავუბრუნდით. მე განვაცხადე, რომ გუნდს არ შევუერთდები. ერთადერთი, რასაც ეს ვარჯიშები მოგვიტანს, ინფექციაა. მე კი არ მინდა დაავადება შინ წავიღო — ჩემი ვაჟი ხუთი თვისაა და სუნთქვის პრობლემები აქვს. არ მინდა ისედაც ავადმყოფი ბავშვი ახალი, დიდი რისკის წინაშე დავაყენო.
რეგულაციების თანახმად ვარჯიშიდან შინ ჭუჭყიანი ფორმით უნდა დაბრუნდე. ბაზაზე ვერ გამოვიცვლი. და როდესაც ჩემს ბინძურ ფორმას ცოლთან ან შვილთან მივიტან, დიდი შანსია, რომ ავადმყოფობასაც გადავდებ.
მე აღარ მყავს მამა, ბებია, ბაბუა… არ მინდა სხვა ძვირფასი ადამიანებიც დავკარგო. ჩემთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, მექნება თუ არა ჯიბეში უფრო მეტი ფული”.
YouTube-ის შოუში, რომელსაც Talk the Talk ჰქვია, დინიმ წამყვანებს, ედი ჰერნს და ტონი ბილოუს ასე უთხრა:
„ვიდეოკონფერენციის დროს მე მათ ძალიან მარტივი კითხვები დავუსვი. მაგალითად, შევახსენე, რომ შავკანიანები, აზიელები და შერეული ეთნოსის ხალხი გაცილებით ხშირად ავადდება და გაცილებით დიდხანს ებრძვის სენს. შემდეგ დავინტერესდი, არის თუ არა ამ ადამიანებისთვის დამატებითი სკრინინგი? და თუ არ არის, თუკი მზად არ ვართ, თუკი ავადმყოფობის შესახებ საკმარისი ინფორმაციაც კი არ გვაქვს, მაშინ ამიხსენით, რატომ უნდა გავრისკო?”