ყოფილმა ინგლისელმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა ჩემპიონთა ლიგის 2016 წლის ფინალი და პორტუგალიელ პეპესთან დაკავშირებული ისტორია გაიხსენა.

შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ორი ესპანური გუნდის, „რეალისა” და „ატლეტიკოს” დაპირისპირება, რომლის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტებში კი „რეალმა” იმარჯვა.

ამ შეხვედრაში კლატენბურგი პეპესთან რამდენჯერმე გადაიკვეთა. პირველად ეს მაშინ მოხდა, როდესაც „რეალის” ცენტრალურმა მცველმა „ატლეტიკოს” თავდამსხმელ იანიკ ფერეირა კარასკოსთან შეჯახების შემდეგ სცადა დრამა გაეთამაშებინა და კლატენბურგისთვის ეჩვენებინა, რომ კარასკომ დააშავა. რეალურად, პეპემ სასაცილოდ წაიშინა თავში ხელი და გორაობა დაიწყო, კლატენბურგმა კი ენის მოძრაობით გამოაჯავრა (იხ. ვიდეეო).

მეორედ ეს გახლდათ პენალტის ეპიზოდი: პორტუგალიელმა ფერნანდო ტორესი წააქცია, ხოლო ინგლისელმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა.

აქვე დავძენთ, რომ ეს პენალტი ანტუან გრიზმანმა ვერ გაიტანა.

„სულ მეკითხებიან 2016 წლის ფინალის ამბავს, როდესაც ბალახზე ყასიდად გაგორებული პეპე ენით გამოვაჯავრე — თქვა კლატენბურგმა „დეილი მეილისთვის” მიცემულ ინტერვიუში, — მაშინ, ვფიქრობდი, ამხელა კაცისთვის რა მჩატე საქციელია, მეთქი.

იმ შეხვედრაში მან ორჯერ სცადა ჩემი მოტყუება. უნდოდა, „ატლეტიკოს” ფეხბურთელი გამეძევებინა.

სხვა მსაჯი მის ხრიკებს შეიძლებოდა წამოგებოდა კიდეც, მაგრამ მე „საშინაო დავალება” კარგად მქონდა შესრულებული და ვიცოდი რანაირი მენტალიტეტის კაცთან მქონდა საქმე.

ის იყო ფეხბურთელი, რომლის ნდობა ერთ ეპიზოდშიც არ შეიძლებოდა.

პირველი ტაიმი „რეალმა” მოიგო — 1:0, მაგრამ გოლი ძნელად შესამჩნევი ოფსაიდიდან გავიდა და მე ამას შესვენების დროს მივხვდი. რთული ეპიზოდი იყო, რომელიც ჩემს ასისტენტს გაეპარა.

მეორე ტაიმი რომ დაიწყო, „ატლეტიკოს” სასარგებლოდ მალევე დავნიშნე პენალტი. პეპემ ფერნანდო ტორესი წააქცია.

პეპე საშინლად აღელდა, მომვარდა და გამართული ინგლისურით მითხრა: „მარკ, არანაირი პენალტი არ ყოფილა”.

არ დამიხანებია, მივუტრიალდი და მივუგე: მე თქვენი გოლი არ უნდა ჩამეთვალა.

ამით გავაჩუმე.

ვიცი, რაც ახლა  მოვყევი უცნაურად ჟღერს, რადგან ხალხის აზრით ორი შეცდომა ერთმანეთს კი არ აბათილებს, არამედ ორი სხვადასხვა შეცდომაა. ჩვენ, მსაჯებიც ასე ვფიქრობთ, მაგრამ ფეხბურთელები სხვანაირად აზროვნებენ და პეპეს შემთხვევაში ამ არგუმენტმა გაჭრა. მან ის მიიღო”.