პრემიერლიგის განახლებას კიდევ ერთი დავა-განხილვა მოჰყვა: სად უნდა ჩატარდეს დარჩენილი თამაშები, ნეიტრალურ მოედნებზე თუ ყველა შეხვედრას კალენდრის შესაბამისად მასპინძელი ეყოლება?
ჯერჯერობით, გადაწყვეტილია, რომ თამაშები ნეიტრალურ მოედნებზე უნდა ჩატარდეს, მაგრამ კლუბებს ეს არ მოსწონთ. მათ ერთხმად ითხოვეს მასპინძლობის ნებართვა; მართალია, ტრიბუნებზე მაყურებელი არ ეყოლებათ, მაგრამ მაინც შინ უჯობთ თამაში. ამბობენ, რომ ასე უფრო სამართლიანი იქნება.
ინგლისის პოლიცია კი, რომელსაც ყოველი საფეხბურთო შეხვედრის ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია, კლუბების ამ სურვილს დიდი სიფრთხილით ეკიდება.
სწორედ მასპინძლობის თემას მიეძღვნა ვიდეოთათბირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პრემიერლიგის აღმასრულებელმა შეფმა რიჩარდ მასტერსმა და მთავარი კონსტებლის მოადგილემ მარკ რობერტსმა, რომელსაც ქვეყანაში ფეხბურთის მატჩებზე წესრიგი აბარია.
პოლიციელები ამბობენ, რომ დარჩენილ შეხვედრებში 12-15 ეგრეთწოდებული მაღალი რისკის მატჩია, რომელთა მასპინძელ ქალაქებში ჩატარებამ შესაძლოა სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე ხალხის შეგროვება გამოიწვიოს.
რასაკვირველია, ვიდეოკონფერენციას მოჰყვა ორივე მხარის კომენტარი, სადაც დიპლომატიურად ითქვა, რომ თათბირის ყველა მონაწილე დაინტერესებულია ყველაფერი კარგად ჩატარდეს და არაფერს, მათ შორის ფეხბურთთან დაკავშირებულ ბიზნესს, ხელი არ შეეშალოს, მაგრამ რეალურად, აშკარაა, რომ პოლიციას ქუჩაში ხალხის დევნა არ სურს. ჩვეულებრივ, ის ამას მხოლოდ ექსტრემალურ შემთხვევებში ანუ იშვიათად აკეთებს და საგანგებო შემთხვევებისთვის რეგულარული სახის მიცემა არ უნდა.
პოლიცია ამბობს, რომ ის წესრიგს უზრუნველყოფს სტადიონზე (როგორც მაყურებლიანზე, ასევე უმაყურებლოზე), მაგრამ თუკი პრემიერლიგა შექმნის იმის წინაპირობას, რომ თამაშების დროს ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბება და დასაშლელი გახდება, ეს მდგომარეობას ათმაგად გაართულებს.
პრემიერლიგა და მისი 20 კლუბი იმედოვნებენ, რომ ფანები მიხვდებიან, თუ რა საჭიროა პანდემიის პირობებში განსაკუთრებით კარგად მოქცევა, თუმცა, პოლიცია სიტყვაზე ნდობას არ აპირებს და ფეხბურთის შეფებისგან კონკრეტულ გეგმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წესრიგის დამცველები ნეიტრალურ სტადიონებზე თამაშს დაუჭერენ მხარს.