ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სასამართლოში უჩივლეს. საქმე ეხება საავტორო უფლებების დარღვევას, რაც პერსპექტივაში სასჯელის სახით ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას, პატენტების უწყებისთვის კი 100 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.
ისტორია დასაბამს 2000-იანი წლების გარიჟრაჟზე იღებს, როცა ბრაზილიელმა ჰაინე ალემანიემ არგენტინელ პაბლო სილვასთან ერთად გამოიგონა სპეციალური სპრეი საფეხბურთო არბიტრებისთვის.
მოგეხსენებათ, სპრეით არბიტრები სტანდარტული მდგომარეობისას ზუსტ წერტილს მონიშნავენ ხოლმე, დაახლოებით ერთ წუთში კი სპრეი უბრალოდ ქრება.
გამოგონება მაშინვე დააპატენტეს. სპრეიმ მალევე მოიპოვა აღიარება სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც დღემდე წარმატებით იყენებენ. ამის შემდეგ კომპანიონებმა ფიფაზე გასვლა სცადეს და ვიცე-პრეზიდენტ ხულიო გრონდონასთან მოლაპარაკება გამართეს. შედეგად, ავტორებმა სპრეის საცდელი პარტია ფიფას 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გადასცეს, სანაცვლოდ კი 50 მილიონი დოლარის გადახდის დაპირება მიიღეს.
ბრაზილიის მონდიალზე სპრეიმ მოწონება დაიმსახურა.
ფიფამ ითავა უეფას ევროტურნირებში და ეროვნულ ჩემპიონატებში მისი ლობირება, გამოიყენეს 2017 წლის კონფედერაციათა თასზე და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზეც….
თუმცა, მონასტერი მანამდე აირია: 2014 წელს ხულიო გრონდონა გარდაიცვალა, 2015 წელს კი სერიოზული კორუფციული სკანდალი აგორდა და ზეპ ბლატერი გადადგა. მის ადგილას მოსულმა ჯანი ინფანტინოს სპრეის ავტორების გულისწყრომას და პრეტენზიებს უბრალოდ წაუყრუა.
ალემანიემ და მისმა კომპანიონმა 2018 წელს მიმართეს ბრაზილიის პირველი ინსტანციის სასამართლოს. გადაწყვეტილებაში ფიფას დაევალა 15 ათასი დოლარის გადახდა თითოეულ მატჩზე, რომელშიც სპრეი გამოიყენეს. ამას გარდა, აიკრძალა მისი შემდგომი გამოყენება. აკრძალვის მიუხედავად, სპრეით ისარგებლეს რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზეც.
უკვე მოგახსენეთ, რომ მორიგი სარჩელი გაცილებით მკაცრია, რაც აკრძალვის პირობებში დაპატენტებული ტექნოლოგიითა და ფორმულით უნებართვოდ სარგებლობას ეხება.
ახლა ჯერი ინფანტინოზეა: რისკი და სასამართლო დავა თუ ვაჭრობა და პატენტის მაქსიმალურად იაფად გამოსყიდვა?