დღეს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი აპირებს გამოსცეს ბრძანება, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ადამიანი (ქვეყნისთვის საკვანძო ფიგურების გარდა), ვინც მათ საზღვარს გადალახავს, ორკვირიან კარანტინში მოხვდება.
ისმის კითხვა: რა უნდა ქნან ევროპულმა კლუბებმა, რომელთაც, აგვისტოში, სავარაუდოდ, ინგლისში ჩასვლა და ევროტურნირებზე თამაში დასჭირდებათ?
ინგლისელებს უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ბოლო ორგზის ჩემპიონი, ამბიციური „მანჩესტერ სიტი” გაახსენდათ, რომელსაც პრემიერლიგის ჩემპიონობა ისე აღარ სწყურია, როგორც ნანატრი ჩემპიონთა ლიგის მოგება. მითუფრო, რომ „ქალაქელები” უეფასგან ფინანსური ფეარ-ფლეის დარღვევაში არიან შემჩნეულები და თუ სპორტის სააპელაციო სასამართლომ არ უშველათ, ევროთასებიდან ორი წლით მოიკვეთებიან. სხვა სიტყვებით, მათ ახლა აქვთ ლიგის მოგების კარგი შანსი, მითუფრო, რომ მერვედფინალის პირველ შეხვედრაში, მადრიდში „რეალი” ჰყავთ დამარცხებული 2:1. მაგრამ, როგორ შეიყვანენ მადრიდელებს მანჩესტერში?
ევროლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედსა” და „ვულვერჰემპტონსაც” ემუქრებათ საშინაო უპირატესობის (უმაყურებლოდ, მაგრამ მაინც) დაკარგვა.
ეს საკითხი აუცილებლად წამოიჭრება უეფასა და მისი წევრების ხვალინდელ ვიდეოკონფერენციაზე. მოგეხსენებათ, უეფა ევროთასების აღდგენას 7 აგვისტოს აპირებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალი, წესითა და რიგით 30 აგვისტოს სტამბოლში უნდა გაიმართოს.
და ვინაიდან ბორის ჯონსონი არის არა მხოლოდ ინგლისის, არამედ მთელი გაერთიანებული სამეფოს პრემიერი, პრობლემის წინაშე აღმოჩნდება „გლაზგო რეინჯერსიც”, რომელსაც მართალია, ევროლიგაზე „ლევერკუზენთან” შინ უკვე აქვს ნათამაშები, მაგრამ საპასუხო შეხვედრისთვის ქვეყნიდან გასვლა და დაბრუნება მოუწევს, შემდეგ კი მომდევნო მეტოქესთან ექნება ურთიერთობა გასარკვევი.
ერთადერთი ქვეყანა, საიდან ჩასულ მოქალაქეებსაც ბრიტანეთში ორკვირიანი კარანტინი არ მოუწევთ, ირლანდიაა.
არადა, ბრიტანეთის ხელისუფლებასაც უნდა გავუგოთ: რა დროს ბურთის გორება და თუნდაც დაკარგვის რისკის წინაშე მყოფი საფეხბურთო მილიონების გადარჩენაა, როდესაც პანდემიამ სამეფოში უკვე 31 587 ადამიანი იმსხვერპლა. ხალხის სიცოცხლე ხომ ყველაფერზე მნიშვნელოვანია.
ბრიტანეთი ბრრიტანეთად და სრულიად შესაძლებელია, სხვა ქვეყნებში შესვლაც პრობლემური გახდეს.
ჩემპიონთა ლიგაში კი 17 თამაშია დარჩენილი.
და კვლავ ამოტივტივდა ავსტრალიის ქალაქ პერთის სახელი, სადაც ოთხი გამზადებული სტადიონი და სრული ინფრასტრუქტურაა. თან, ბოლოხანს, მთელს ავსტალიაში, დღეში კორონავირუსის მხოლოდ 10-15 ახალი შემთხვევა ფიქსირდება.