პრემიერლიგის კლუბებს უცბად შეეშინდათ, რომ „ლივერპული” როგორც კი ჩემპიონის ტიტულს გაინაღდებს, ყმაწვილებით განაგრძობს თამაშს და ამით კორონავირუსის მიერ ისედაც დაკნინებულ ჩემპიონატს კიდევ უფრო დააკნინებს.
რატომ მოუვიდათ ეს აზრი თავში? იმიტომ, რომ იურგენ კლოპი თებერვალში, ფეხბურთის ასოციაციის თასის საპასუხო შეხვედრაში, „შრუსბერის” წინააღმდეგ სწორედ ასე მოიქცა.
პრემიერლიგის ცხრილში ასეთი მდგომარეობაა: „ლივერპული” მდევარ „მანჩესტერ სიტის” 25 ქულით უსწრებს. მერსისაიდელებს ოცდაცხრაჯერ აქვთ ნათამაშები, მანჩესტერელებს ოცდარვაჯერ. სულ 38 ტური უნდა ჩატარდეს. ანუ, „წითლებს” ნანატრ ტიტულამდე 6 ქულა (ორი მოგება) აშორებთ.
ამიტომაც შეშფოთდნენ მათი პრემიერლიგელი კოლეგები და ორშაბათს დანიშნულ თათბირზე ერთ-ერთ თემად ამასაც უეჭველად წამოსწევენ.
პირველებმა ხმა იმ კლუბებმა ამოიღეს, რომლებმაც „ლივერპულთან” უკვე ორჯერ ითამაშეს. თუკი „ლივერპული” ორი (ან „სიტის” დამარცხების შემთხვევაში — ერთი) ტურის შემდეგ ჩემპიონი გახდება და დანარჩენებს „ბავშვებით” ეთამაშება, გამოდის, რომ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში არ ყოფილა. ანუ, მათთან შეხვედრაში ზოგმა შეიძლება იოლად მოიპოვოს ქულები, ზოგს კი ფაქტობრივად შანსი არ ჰქონდა.
ერთ-ერთი კლუბის დირექტორმა „სანს” უთხრა: „ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ რა გააკეთა „ლივერპულმა” სათასო შეხვედრებში. მაშ, რა გარანტია გვაქვს, რომ ის იმავეს პრემიერლიგაშიც არ გაიმეორებს? იურგენ კლოპი თავის წამყვან ფეხბურთელებს ეტყვის, რომ კორონავირუსისთვის თავის არიდების მიზნით სახლებში წავიდნენ და ეს სრულიად გასაგები იქნება.
მეორე მხრივ კი გამოვა, რომ ის სუსტი შემადგენლობით ითამაშებს ისეთ შეხვედრებში, სადაც სხვა გუნდებისთვის მნიშვნელოვანი ქულები გათამაშდება, ეს კი სამართლიანი შეჯიბრების პრინციპს დააზარალებს”.
ორშაბათის ვიდეოკონფერენცია, რომელშიც პრემიერლიგის ოცივე კლუბის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას, სხვა ასპექტების გამოც არის მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ინგლისში ჩემპიონატის განახლებას 12 ივნისს აპირებენ.