„ლეგანესის” მწვრთნელმა ხავიერ აგუირემ ლა ლიგის გეგმები გაასაჯაროვა. თურმე ესპანელები შეწყვეტილი ჩემპიონატის განახლებას 20 ივნისს, ხოლო დამთავრებას 26 ივლისს აპირებენ.
ოფიციალურად ამის შესახებ არსად არაფერი თქმულა, მაგრამ მექსიკელი ირწმუნება, რომ მისი ინფორმაცია უტყუარია, რადგან ლა ლიგის მავანმა დიდმოხელეებმა გაანდეს.
ცნობილია, რომ ესპანური ფეხბურთის შეფები ქვეყნის ხელისუფლებასთან ინტენსიურად მუშაობენ, რათა რამენაირად ჩაამთავრონ შეწყვეტილი სეზონი.
„ჩვენ უკვე ვიცით შეჯიბრების განახლების თარიღი, — თქვა აგუირემ, — დავიწყებთ 20 ივნისს და ხუთ კვირაში, 26 ივლისს დავასრულებთ. 11 ტური გაიმართება შაბათ-კვირას და ოთხშაბათ-ხუთშაბათს. ამის შესახებ ლა ლიგიდან სრულიად ოფიციალურად შემატყობინეს, რითაც გახარებული ვარ. ვარჯიშების გრაფიკი უკვე შედგენილი გვაქვს. საბედნიეროდ, ჩვენს კლუბში კორონავირუსის ტესტმა ყველას უარყოფითი პასუხი მისცა”.
მიმდინარე კვირა ესპანეთში ფეხბურთელების კლუბებში დაბრუნებას და სამედიცინო შემოწმებას ეთმობა. შემდეგ დაიწყება ინდივიდუალური ვარჯიშები და როდესაც მოთამაშეები მოღონიერდებიან, პატარა ჯგუფებად გაერთიანებულები წვრთნის მეორე ეტაპზე გადავლენ.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ თავის მხრივ უკვე დაამტკიცა ერთ მატჩში ხუთი ცვლილების წესი. ეს წესი დროებითია და ფეხბურთელების თავსდატეხილი დატვირთვებისგან დაცვას ემსახურება. ახლა მას ფეხბურთის ასოციაციის დამოუკიდებელმა საბჭომ უნდა დაასვას ბეჭედი. ეს ის საბჭოა, რომელიც თამაშის წესებს განაგებს.
აგუირე ხუთ ცვლილებასაც მიესალმება:
„ვფიქრობ, ეს ყველაზე მგრძნობიარე საკითხია. შეუძლებელია 80 დღის განმაბლობაში შინ ნაჯდომ ფეხბურთელებს 90 წუთის განმავლობაში თავდაუზოგავი სირბილი მოსთხოვო” — თქვა მან.