Russian Football Premier League | European Leaguesრუსეთის პრემიერლიგა ერთ-ერთი იმ ჩემპიონატთაგანია, რომელიც დიდი ალბათობით არ განახლდება. კატეგორიული წინააღმდეგი არც არავინაა. ტოპ-ლიგებისგან განსხვავებით რუსული ლიგა ნაკლებადაა ტელეტრანსლაციების ფულზე მიბმული და შედეგები არ იქნება დამანგრეველი.
შედეგები დღეის მდგომარეობით დაფიქსირდება და ჩემპიონად „ზენიტი“ გამოცხადდება – პეტერბურგელი პუტინის საყვარელ კლუბს „გაზპრომი“ ისედაც ჩიტის რძეს არ აკლებს და 8 ტურით ადრე ჩემპიონობას ვინ დააყვედრებს?!
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასევე პირდაპირ მოხვდება მოსკოვის „ლოკომოტივი“. ლიგაშივე ითამაშებს „კრასნოდარიც“, თუმცა საკვალიფიკაციო ეტაპიდან. არადა, ყუბანელებს და რკინიგზელებს თანაბარი ქულები აქვთ და ურთიერთშეხვედრებშიც ორჯერ 1:1 დააფიქსირეს. „ლოკომოტივის“ უპირატესობას მოგებათა მეტი რაოდენობა განაპირობებს.
ზემოთ პუტინის გულის მოგება უკვე ვახსენეთ და ჩემპიონატის არგანახლებით კმაყოფილი დარჩება რამზან კადიროვიც: ლიგიდან არ გავარდება გროზნოს „ახმატი“, რომელიც ცხრილის ფსკერზეა – ლიგას მომავალ წელს უბრალოდ ორი ქვედალიგელი დაემატება. ამ გუნდის მიმართ ჩეჩნეთის უგვირგვინო მეფის გრძნობებზე ისიც მეტყველებს, რომ ყოფილ „ტერეკს“ მამამისის სახელი „ახმატი“ დაარქვა.
ჰოდა, რამდენი ვარაუდიც არ უნდა გამოთქვან საფეხბურთო ფუნქციონერებმა, სპორტული მედია დარწმუნებულია, რომ ამ ორი პერსონის მადლიერება ჩემპიონატის განახლებაზე ძვირად ფასობს.