კიკბოქსინგში ქართველმა მსოფლიოს ჩემპიონმა გიგა ჭიკაძემ UFC-ის ოქტაგონზე რომ გადაინაცვლა, ორთაბრძოლების მოყვარულებმა იციან. თუმცა პანდემიამ ცხადია, გეგმები და გრაფიკი ყველას აურია. რა გავლემა მოახდინა UFC-ზე მსოფლიოში გავრცელებულმა COVID 19-მა და როგორ შცვალა პირადად გიოგას გეგმები – ამ და სხვა კითხვებით გიგას შეერთებულ შტატებში დავუკავშირდით.
– ერთხელ თქვით, რომ MMA-ის კლუბში რაფაელ კორდეირისთან მხოლოდ იმ მიზნით ვარჯიშობთ, რომ მსოფლიოს UFC-ში ქართული ძალა და სული აჩვენოთ. თქვენ ეს UFC-ში სადებიუტო დაპირისპირებაშივე შეძელით. მეორე ორთაბრძოლაშიც მოიპოვეთ გამარჯვება. როგორი იყო თქვენი კარიერა UFC-მდე?
– ვფიქრობ, საბრძოლო სპორტში UFC ყველაზე დიდი ორგანიზაციაა და ყველაზე კარგი საშუალებაა, მთელს მსოფლიოს აჩვენო, თუ როგორი ძლიერი ადამიანები ვართ ქართველები, რა ძალა და შემართება გაგვაჩნია. ჩემი დიდი სურვილი იყო და არის მსოფლიოს გავაცნოთ ქართული სული. რაც შეეხება UFC-მდე კარიერას, თავიდან კარატეში ვვარჯიშობდი, შემდეგ კიკბოქსიორი ვიყავი, მაგრამ რამაც გადამაწყვეტინა UFC-ში გადავსულიყავი, ამ ორგანიზაციის მასშტაბურობა იყო. ზოგადად როდესაც საქართველოდან ამერიკაში ჩამოვედი, კიკბოქსინგს და MMA-ში ერთდროულად ვვარჯიშობდი. კიკბოქსინგის უმაღლეს ლიგაში გამოვდიოდი, რომელსაც GLORY ჰქვია და პარალელურად ვემზადებოდი MMA-სათვის. თან ვემზადებოდი UFC მოსახვედრად. ეს ყველაფერი კი ნამდვილად არ იყო ადვილი. ძალიან რთული იყო, ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას ჰგავდა, მაგრამ ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი პლუსებიც და მინუსებიც.
– ნანახი გვაქვს დარტყმა, რომელსაც ამერიკაში გიგა-კიკი შეარქვეს და რომელსაც უკვე თქვენი მეგობრებიც იყენებენ…
– ამ დარტყმას დიდი ხანია ვიყენებ, ზოგადად, როდესაც კარატეთი ვიყავი დაკავებული, იმ დროს დავამუშავე, შემდეგ კიკბოქსინგშიც ძალიან გამომადგა ეს დარტყმა. ეს არის ფაქტობრივად ფანდი, როდესაც თითქოსდა დარტყმას თავის არეში ვაპირებ და ღვიძლის არეში ვაყენებ. მეტოქეს ჰგონია, რომ თავში ვურტყამ და ზუსტად ეს არის ფანდი. როგორც იცით, ღვიძლი ადამიანის ერთ-ერთი სუსტი ორგანოა. ამ დროს, როდესაც მოწინააღმდეგე იქ დარტყმას არ ელოდება, შეტევა ძალიან მტკივნეულია. საკმაოდ დიდი ეფექტი აქვს და ეს ილეთი მრავალჯერ გამოვიყენე. ჩემი ბევრი მეგობარი იყენებს ამ დარტყმას, ძალიან ბევრმა ცნობილმა მებრძოლმა, ცნობილ ჩხუბებში მიაღწია გამარჯვებას ამ დარტყმით, ტრადიციულიც კი გახდა – იყენებენ ბრძოლებში ამ დარტყმას და შემდეგ ინტერვიუებში მადლობებსაც კი მიხდიან, რაც ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. მწვრთნელი მასტერ რაფაელი, ყოველთვის როცა ჩვენი გუნდელები იბრძვიან და დაიძახებს „გიგას“, უკვე მინიშნებაა რომ ეს დარტყმა უნდა შეასრულონ. გიგა-კიკიც დავარქვით.
– წლების განმავლობაში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიაში „სპორტსმენები ერთიანდებიან ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ – იყავით ჩართული. ამ კამპანიაში უცხოელი მეგობრებიც ჩართეთ და მსოფლიოს ჩემპიონატი კიკბოქსინგში, რომელიც 2014 წელს თბილისში ჩატარდა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვენით. გვიამბეთ ამ კამპანიის შესახებ …
– დიახ ამ კამპანიაში 2013 წლიდან ჩავერთე, შემდეგ უკვე მოვახერხეთ და ლიცენზია მოვიპოვეთ, რომ საქართველოში გაგვემართა ეს ტურნირი. ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ის ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიისთვის მიგვეძღვნა და ასეც განვახორციელეთ. ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი და კარგი ინიციატივა იყო, რადგან იმ დროს ძალიან ბევრი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ჩვენც საზოგადოებას გვერდში დავუდექით.
– როგორ იცავთ თავს COVID 19-ისგან, თვითიზოლაციის პირობებში თუ ახერხებთ ვარჯიშს და რა გავლენა მოახდინა COVID 19-მა UFC-ზე?
– მე ამერიკაში ვარ და აქ ძალიან რთული მდგომარეობაა. კორონავირუსის გამო ძალიან რთულია ვარჯიში, ბევრი რამ შეიცვალა, თითქმის ყველა დარბაზი დაიკეტა. მაგრამ მაქვს რამდენიმე დარბაზის გასაღები და მე და ჩემი რამდენიმე თანაგუნდელი მივდივართ და ვვარჯიშობთ. ვგეგმავ ბრძოლებსაც, ამიტომ ფორმაში ყოფნა უცილებელია. ზოგადად ძალიან გართულდა მწვრთნელებთან ერთად ვარჯიში, მაგრამ ერთ-ორ ადამიანთან ერთად მაინც ვახერხებ. სახლშიც ვვარჯიშობ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. ზოგადად, ვირსუმა UFC-ზეც დიდი გავლენა იქონია, ისევე როგორც ყველა სხვა სახეობაზე. UFC-მ რამდენიმე ღონისძიება გააუქმა, მარტში ორი შეჯიბრი გაუქმდა, შემდეგ აპრილში ყველა დაგეგმილი ღონისძიება. ახლა ფიქრობენ ბრძოლები 9 მაისს გაგრძელდეს, ოღონდ მაყურებლების გარეშე. ვიმედოვნებ, რომ ქართველებს ჩემგან სასიხარულო სიახლეები ექნებათ.
– თქვენი შვილი ნიტა ჭიკაძე, ლოს ანჯელესის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია და აქტიურად მისდევს სპორტს. მას რა გეგემები აქვს სამომავლოდ ?
– ნიტას წარმატებამ, ჩვენს ოჯახში ძალიან დიდი სიხარული მოგვიტანა. ზოგადად, ძალიან შეგვცვალა ყველა. თავიდან გართობასავით ვუყურებით, მაგრამ როცა ლოს ანჟელესის კინოფესტივალზე გამარჯვებას მიაღწია, ჩვენთვის ყველაფერი შეიცვალა. ნიტაც ძალიან თავდაჯერებულია, სამსახიობო კარიერის გაგრძელება სურს. რაც შეეხება ვარჯიშებს, ზოგადად ჰობივით აქვს კიკბონქსინგი. ჩემი დიდი სურვილი იყო ყოველთვის, რომ მას თავის დაცვა შეძლებოდა. ვფიქრობ, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის, გოგო იქნება თუ ბიჭი, სასურველია, რომ თავდაცვა შეეძლოს.
– გავრცელდა თქვენი ფოტო სნუპ დოგთან და სილვესტერ სტალონესთან.
– სილვესტერ სტალონეს ერთ-ერთი ქართველი მხატვრის გამოფენაზე შევხვდი, იგი UFC ერთ-ერთი დამფუძნებელია და ამასთან დაკავშირებით ვისაუბრეთ. რაც შეეხება სნუპ დოგს, ჩემი მეგობარი რეპერი Wiz Khalif-ია და სნუპი მასთან მეგობრობს. მას რამდენჯერმე შევხვდი და ის ფოტო სნუპის და Wiz-ის კონცერტზეა გადაღებული. ძალიან უშუალო ადამიანია და მასთან გატარებული დრო ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
– თქვენი მიზანი?
– მიზანი, რა თქმა უნდა, UFC ჩემპიონობაა და არა მხოლოდ ერთ წონით კატეგორიაში.
ესაუბრა ნეტო ბენდელიანი