მადრიდის „რეალი“ შემადგენლობის გაძლერებას გეგმავს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში თვით სამეფო კლუბსაც არ აქვს ისეთი ფუფუნების უფლება, სუპერვარსკვლავი აბსოლუტურად ზუსტი სტრატეგიის გარეშე იყიდოს.
ამ საკითხზე საკუთარი აზრი გამოთქვა „რეალის“ ექსვარსკვლავმა უგო სანჩესმა: „მე „რეალის“ ხელმძღვანელობას კიდევ ერთი ფორვარდის ყიდვას ვურჩევდი. ქარიმ ბენზემას თამაში ძალიან მომწონს. ის უდავოდ მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, მაგრამ არ არის მკვლელი. გუნდს კი დღეს სწორედ ამ ყაიდის ფორვარდი სჭირდება“.
უგო სანჩესი არასოდეს მალავდა საკუთარ სიმპათიას კრიშტიანუ რონალდუს მიმართ. სწორედ მას მიიჩნევს ფორვარდ-მკვლელად და ზიდანის გუნდის სავარაუდო შენაძენებსაც იგივე პრიზმაში ატარებს: „ადრე ძალიან მომწონდა ჰარი კეინი, მაგრამ ბოლო პერიოდში მეტისმეტად მიდრეკილია ტრავმებისადმი. კლასი არც რობერტ ლევანდოვსკის დაეწუნება, უკვე საკმაოდ ასაკოვანი რომ არ იყოს“.
ერთ რამეში უთუოდ უნდა დავეთანხმოთ უგო სანჩესს: ლევანდოვსკიმ ერთხელ უკვე გაუშვა ხელიდან „რეალში“ გადაბარგების რეალური შანსი. რამდენიმე წლის წინ მადრიდელებმა ნიადაგის მოსასინჯად კრიშტიანუ რონალდუ და სერხიო რამოსიც კი მიუგზავნეს, მაგრამ უარი მიიღეს.