„პარი სენ ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონია – ლიგა 1-მა პარიზული კლუბი ჩემპიონად გამოაცხადა. პსჟ მეათედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და ამ მხრივ „სენტ ეტიენს“ დაეწია.
მეათედ გაჩემპიონებაში პსჟ-ს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ედვარდ ფილიპი „წაეხმარა“, ვინაც რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა, რომ საფრანგეთში ყველა სპორტული ღონისძიება სექტემბრამდე იკრძალება.
შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში გავრცელებულმა პანდემიამ მოვლენები დააჩქარა – პსჟ-ს პრემიერის დახმარების გარეშეც შეეძლო ჩემპიონობა, რადგან ჩემპიონატის დასრულებამდე 10 ტურით ადრე უახლოეს მდევარ „მარსელს“ 12 ქულით უსწრებდა და ერთი მატჩიც თადარიგში ჰქონდა. რთული წარმოსადგენია დღევანდელ პსჟ-ს ეს უპირატესობა გაენიავებია, მაგრამ, სანამ თეორიული შანსი არსებობს, ყველაფერი შესაძლებელია.
ასეა თუ ისე, პარიზელები მე-10 ტიტულს დაეუფლნენ. კლუბის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი ჩემპიონობას კორონავირუსის წინააღმდეგ მებრძოლ ექიმებს უძღვნის.
– გვესმის, ვაფასებთ და მხარს ვუჭერთ საფრანგეთის ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩემპიონატის დასრულების შესახებ. ჯანმრთელობა ყველასთვის პრიორიტეტული უნდა იყოს. გვსურს ეს ტიტული მედიცინის მუშაოკებს მივუძღვნათ, ჩვენს ყოველდღიურ გმირებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან. მათი მუშაობა ჩვენში აღფრთოვანებას იწვევს.
მადლობა მსურს გადავუხადო ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გუნდის ტექნიკურ და სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც დიდი სამუშაო გასწიეს. ეს ტიტული მათი მძიმე შრომის დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ეს ტიტული ამ მძიმე დღეებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს გუნდის გულშემატკივრებს. მათგან მხურვალე ქომასგობას ვგრძნობთ, რაც გუნდს წინსვლაში ეხმარება.
ასევე მადლობა გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს მეტოქეებს. მოუთმენლად ველით ახალ სეზონს მათთან ერთად, – ამბობს ნასერ ალ-ჰელაიფი.
არადა, „მარსელსაც“ შეეძლო ტიტულების მხრივ პირველობა გაეყო „სენტ ეტიენთან“. ზღვისპირელები ოფიციალურად 9 ტიტულს ფლობენ, არაოფიციალურად კი 10-ჯერ გახდნენ საფრანგეთის ჩემპიონები – შეგახსენებთ, 1993 წელს მოგებული ტიტული მსაჯების მოსყიდვის გამო ჩამოართვეს.
აქვე დავამატოთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატი შეწყვეტილი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს იყო და 1940-1945 არ გამართულა. წლეულს პირველადაა, როცა ლიგა 1 შუა სეზონში შეწყდა.
პირველის გარდა ლიგა 1-მა სხვა ადგილებიც გაანაწილა: ჩემპიონთა ლიგაში პსჟ-ს გარდა მარსელი და რენი ითამაშებენ, ევროპა ლიგაზე ლილი და რეიმსი, ამიენი და ტულუზი კი ლიგიდან დაქვეითდნენ.