რამდენიმე თვემ და გაურკვეველმა მომავალმა ერთი ხელის მოსმით დაანგრია ის, რასაც იტალიის საფეხბურთო საზოგადოება ათწლეულობით აშენებდა. როგორ გინდა, პანდემიისგან ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყანაში სანახაობაზე იფიქრო, მაგრამ თუ ჩემპიონატი არ განახლდა, იტალიური ფეხბურთი 800 მილიონ ევროს იზარალებს.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაბრიელე გრავინიმ ამ საკითხთან მაქსიმალური პირდაპირობით ბრძანა:
„საყოველთაო ინტერესებს ვიცავ და ამიტომ უარს ვამბობ სერია A-ს ვადამდე დასრულებულად გამოცხადებაზე. ჩვენ მასშტაბური ვალდებულებები გვაკისრია საერთაშორისო პარტნიორების მიმართ და ვიდრე ხელისუფლებისგან მკაფიო სიგნალს არ მივიღებთ, სეზონის ჩამთავრების ყველაზე მცირე შანსსაც ბოლომდე ჩავებღაუჭებით”.