ევროპიდან შეწყვეტილი სეზონის განახლებასთან დაკავშირებით ყოველ დღე ახალი ცნობა მოდის და ხშირად ისინი ერთმანეთს გამორიცხავს. მეტიც, ერთმანეთს გამორიცხავს ერთი და იმავე ქვეყნიდან მოსული ამბებიც. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ საფეხბურთო სამყარო, ისევე როგორც მთელი დანარჩენი მსოფლიო, დაბნეულია.

მაშინ, როდესაც ზოგი ლიგა შეწყვეტილი ჩემპიონატის გასაგრძელებლად ემზადება და გამალებული თარიღებს აზუსტებს, თავად ფიფას სამედიცინო კომიტეტის ბელგიელმა თავკაცმა მიშელ დოგმა თქვა, რომ 1 სექტემბრამდე ყველა უნდა დამშვიდდეს.

„სკაი სპორტთან” ინტერვიუში დოგმა განაცხადა: „დღევანდელი მსოფლიო შეჯიბრებების აღსადგენად არ არის მზად. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულება, მაგრამ მოთმინება გვმართებს.

ადამიანები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთ რთულ დღეში არ ვყოფილვართ. ამ მდგომარეობის მსუბუქად შეხედვა არაფრით შეიძლება.

მოდი, ვიყოთ რეალისტები: ფეხბურთის თამაში მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, როდესაც შესაძლებელი გახდება ადამიანებს შორის კონტაქტი”.