მსოფლიო ფეხბურთის ისტორიას ანალოგი არ ახსოვს: საყვარელი გუნდის საქომაგოდ სტადიონზე ორნახევარჯერ მეტი მაყურებელი დადიოდა, ვიდრე ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა იყო. ამის შემოქმედი წინა საუკუნის 80-იანი წლების ლანჩხუთი და იქაური „გურია“ გახლდათ.
9-ათასიან ლანჩხუთში 22-ათასიან სტადიონზე პირველი ანშლაგი 1987 წლის 14 მარტს დაფიქსირდა, როცა პატარა რაიონული ცენტრის უმაღლეს ლიგაში აღზევებულ გუნდთან სტუმრად მოსკოვის „სპარტაკი“ ჩამოვიდა. და გგონიათ, ეს ანშლაგი ერთჯერადი იყო?
გურულებისთვის დაუვიწყარ იმ სეზონში ანშლაგი კიდევ 14-ჯერ, ანუ ყველა საშინაო მატჩზე დაფიქსირდა. 22 ათასი ოფიციალური ციფრია, თორემ ხშირად ტრიბუნებზე, რიგებს შორის კიბეებზე და კარს უკან ერთბაშად 30 ათასი ქომაგიც იყრიდა თავს.
„გურია“ სხვა მხრივაც შევიდა საფეხბურთო ისტორიაში.
ლანჩხუთის სტადიონი სსრკ-ში პირველი სუფთად საფეხბურთო არენა იყო, რომელმაც უმაღლესი ლიგის მატჩებს უმასპინძლა. ტრიბუნები უშუალოდ ესაზღვრებოდა მოედანს და მაშინდელი ცნობილი ჟურნალისტების თქმით, ამგვარი მყუდრო საფეხბურთო გარემოთი ვერც მოსკოვის „ლუჟნიკები“ დაიტრაბახებდა და ვერც კიევის „ოლიმპიური“…
ზემოთ რეკორდის შემოქმედი გუნდი ვახსენეთ და ბუნებრივია, ამ შემოქმედსაც ჰყავდა თავისი შემოქმედი. აქ კი, ფაქტობრივად, ისტორია სულ თავიდან უნდა დავიწყოთ…
ყველაზე ცნობილი ლანჩხუთელის, ედუარდ შევარდნაძის უმთავრესი მამოძრაველი ძალა კარიერული მწვერვალების დაპყრობა იყო. მისგან განსხვავებით, უფროს ძმა ევგრაფის ფეხბურთზე აბოდებდა და მთელი სიცოცხლე ლანჩხუთის „გურიას“ სამსახურში იდგა.
სანამ ედუარდი რაიონული მასშტაბის ჩინოვნიკი იყო, „გურია“ სსრკ მეორე ლიგაში თამაშობდა. მერე უმცროსი შევარდნაძის კარიერა მკვეთრად მაღლა წავიდა და 7 წელიწადში ჯერ საქართველოს შს მინისტრი, მერე კი სულაც რესპუბლიკის პირველკაცი გახდა.
ძმის გავლენასთან ერთად, ევგრაფი შევარდნაძის გამავლობაც მეტი გახდა და ფაქტობრივად, მთელი რაიონის საწარმოები „გურიას“ სამსახურში ჩააყენა. ერთი ძმა თბილისში გამფლანგველებს და ცეხავიკებს რომ ებრძოდა, ლანჩხუთში მეორე ძმა იგივე ცეხავიკებს გუნდზე ამუშავებდა. შედეგად, „გურიამ“ პირველ ლიგაში დაიდო ბინა. მისი წევრების ფინანსურ მდგომარეობაზე მთელ საბჭოთა საფეხბურთო სამყაროში ლეგენდები დადიოდა…
უფრო კარგად ამის შესახებ თავად ყოფილი ფეხბურთელები მოგვითხრობენ.
სერგეი გერასიმეცი („დინამო“ მინსკი): „შავი „ვოლგიდან“ მსუქანი ქართველი გადმოვიდა, მომესალმა და „გურიაში“ გადასვლა შემომთავაზა. ხელფასი 2700-3500 მანეთი გექნებაო. სსრკ მასშტაბით ეს შოკოლადში ცხოვრებას ნიშნავდა. მინსკში ხელფასი 250 მანეთი მქონდა და მოგებისთვის პრემიად 50 მანეთს გვიმატებდნენ”.
ვიქტორ ხლუსი („დინამო“ კიევი): „კიევში მოგებაზე 60 მანეთი იყო პრემია, ლანჩხუთში – 400, 500, 600 და ხანდახან 800 მანეთიც კი“.
კარგმა ფინანსურმა ბაზამ ძლიერი გუნდის შესაკრავი წინაპირობა შექმნა და ევგრაფი შევარდნაძემ „გურია“ უმაღლეს ლიგაზე დაგეშა. რატომაც არა? გურულების უმთავრესი ზურგი და იმედი ედუარდი ხომ უკვე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
„გურიამ“ პირველიდან უმაღლესში აღზევებაში უშუალო კონკურენტ რიგის „დაუგავას“ ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე უმასპინძლა და 2:1 მოიგო. რიგელებმა საჩივარი აფრინეს სსრკ ფეხბურთის ფედერაციაში – მასპინძლებმა მსაჯები მოისყიდესო, მაგრამ ეს ლანჩხუთში უკვე ნაკლებად ადარდებდათ – „გურია“ უმაღლესში მოეწყო.
რიგელების საჩივარში ისიც ეწერა ლანჩხუთის 10-ათასიან (ჯერ კიდევ) სტადიონზე 30 ათასი კაცი მოვიდა, ზოგი იქვე, მოედნის კიდეზე იყო ჩაცუცქული და აუტიდან ბურთის შემოტანაში ხელი გვეშლებოდაო. სწორედ ამან გადააწყვეტინა ევგრაფი შევარდნაძეს ახალი სტადიონის აშენება. მშენებლობა 1 იანვარს დაიწყო, 2 მარტს დასრულდა და 14 მარტს „სპარტაკიც“ ჩამოვიდა.
რიგელების საჩივარში ისიც ეწერა ლანჩხუთის 10-ათასიან (ჯერ კიდევ) სტადიონზე 30 ათასი კაცი მოვიდა, ზოგი იქვე, მოედნის კიდეზე იყო ჩაცუცქული და აუტიდან ბურთის შემოტანაში ხელი გვეშლებოდაო. სწორედ ამან გადააწყვეტინა ევგრაფი შევარდნაძეს ახალი სტადიონის აშენება. მშენებლობა 1 იანვარს დაიწყო, 2 მარტს დასრულდა და 14 მარტს „სპარტაკიც“ ჩამოვიდა.
როგორც გითხარით, სტადიონს სარბენი ბილიკი არ დააყოლეს, მაგრამ კარს უკან საკმარისზე მეტი სივრცე იყო ცარიელი. იმ დროს ევგრაფი შევარდნაძეს გადაადგილება უჭირდა და ტრიბუნაზე ვერ ადიოდა. სტადიონზე შავი „ვოლგითვე“ შედიოდა, კუთხურის ალამთან გააჩერებინებდა და იქიდან ადევნებდა თვალს საყვარელი გუნდის თამაშს.
იმ სეზონში „გურია“ უმაღლესიდან გავარდა, 89-ში ისევ მოიპოვა საგზური, მაგრამ გაზაფხულიდან უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო. „გურია“ ორჯერ ზედიზედ ვერცხლის მედლებს დაეუფლა, მერე კი…
მერე დარჩა ეს ლამაზი ისტორია და ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონი. არადა, ველოდებით, როდის დაიქუხებს ძველებურად „გურია“ და დიქტორიც საზეიმო ხმით გამოაცხადებს: „დღეს ჩვენს სტადიონზე სრული ანშლაგია!“