გთავაზობთ მორიგ ისტორიას ესპანური გაზეთის „მარკას” რუბრიკიდან „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია”. ეს გახლავთ სახალისო ისტორიების კრებული, რომლებიც ხსენებული გამოცემის ჟურნალისტებმა თავის დროზე ამა თუ იმ მიზეზის გამო არ ან ვერ გამოაქვეყნეს. დღეს გვინდა გიამბოთ, როგორ დაარიგა ლეგენდარულმა რაულმა ბრაზილიელ კაკას ჭკუა.

2009-10 წლების სეზონის მეორე წრე მიმდინარებოდა, როდესაც რაული დაშავდა. მან 10 აპრილს „ელ კლასიკოში” მიიღო მონაწილეობა და მერე გაირკვა, რომ სამი კვირით ექიმების განკარგულებაში უნდა გადასულიყო. მანამდე, მადრიდელთაგან დაშავებული იყო კაკა.

კაკამ საზარდული ჩემპიონთა ლიგაზე, „ლიონთან” შეხვედრაში დაიზიანა და მკურნალობას უფრო მეტი დრო მოანდომა, ვიდრე თავიდან იყო ნავარაუდევი.

რაული და კაკა აღდგენებზე ერთად დადიოდნენ და სწორედ იქ უთხრა კაპიტანმა ბრაზილიელს, როგორც ჩანს მენტორული ტონით: „შენ ტკივილით თამაში უნდა ისწავლო”. რაული დარწმუნებული იყო, რომ უფრო მძიმე ტრავმას კაკაზე ადრე მოიშუშებდა და მოედანსაც მასზე მალე დაუბრუნდებოდა. არადა, გეგმის თანახმად კაკა მოედანს 24 აპრილს, „სარაგოსასთან” შეხვედრაში უნდა დაბრუნებოდა, რაული კი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ.

რეალურად მოხდა ისე, რომ რაულმაც და კაკამაც ტრავმა „სოსიედადთან” თამაშისთვის მოიშუშეს. „ლა რომარედაზე” თავიდან ორივე სათადარიგოთა სკამზე იჯდა.

მოედანზე პირველი რაული შევიდა. მეტიც, მან მეორე ტაიმის დასაწყისშივე გოლი გაიტანა მაგრამ…  კოჭიც იტკინა. ის ქარიმ ბენზემათი შეცვალეს.

შემდეგ კი კაკაც ათამაშეს. კაპიტანს არც ის ჩამორჩა. თამაშის მიწურულს თავისი გოლი ბრაზილიელმაც გაიტანა, ოღონდ რაულისგან განსხვავებით არ დაშავებულა.

და როგორც აღმოჩნდა, ეს იყო რაულის ბოლო თამაში „რეალის” შემადგენლობაში. იმ ზაფხულს ლეგენდა „შალკეში” გადავიდა.