უეფამ ისეთი რამ თქვა, რომ შეწყვეტილი პრემიერლიგის ცხრილში მეცხრე ადგილზე მყოფმა „არსენალმა” შემდეგ სეზონში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაში ითამაშოს.

საქმე ის არის, რომ ჩატარდა უეფასა და მისი 55 წევრი ფედერაციის ვიდეოკონფერენცია. მთავარი იდეა, სურვილი და თუ ყველაფერი კარგად იქნა გადაწყვეტილება გასაგებია: შეწყვეტილი სეზონი ივნისში განახლდეს და ისეთ ვადებში ჩაჯდეს, რომ სექტემბრიდან ახალი ჩემპიონატები დავიწყოთ.

სხვათა შორის, ევრო 2020-ის გადადებული ფლეი-ოფებიც უნდათ, რომ სექტემბრის დასაწყისში მოითავონ — 2020-21 წლების სეზონის დაწყებამდე. და თუ ასე მოხდება, მაშინ საქართველო-ბელარუსის თამაშის თარიღი ფაქტობრივად გვცოდნია და ის არის.

მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსი გამძვინვარდება და ჩემპიონატების განახლების საშუალებას არ მოგვცემს, მაშინ უეფას რეკომენდაციით ფედერაციებმა ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის კოეფიციენტების დათვლის სისტემა უნდა გამოიყენონ და ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში გუნდები ახლანდელი ცხრილის მიხედვით კი არა, ამ მათემატიკური ფორმულის მიხედვით უნდა გაუშვან.

მოგეხსენებათ, უეფა თავის კოეფიციენტებს ბოლო ხუთი წლის შედეგების მიხედვით ანგარიშობს. შესაბამისად, გამოვა, რომ მაგალითად, პრემიერლიგის ტოპ ოთხეულში შევლენ „მანჩესტერ სიტი”, „ლივერპული”, „მანჩესტერ იუნაიტედი” და… წლეულს მე-9 ადგილზე მყოფი „არსენალი”.

„ტოტენჰემი”, „ჩელსი” და „ლესტერი” ითამაშებენ ევროლიგაზე, ხოლო მეექვსეზე მყოფ „ვულვერჰემპტონსა” და მეშვიდეზე მყოფ „შეფილდ იუნაიტედს” ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ.

და კიდევ ერთი, თუკი „სიტის” ფინანსური დარღვევებისთვის ორი წლით მაინც დასჯიან, მაშინ ჩემპიონთა ლიგაში მის ადგილს „სფურზი” დაიკავებს.

ალბათ, იოლი მისახვედრია, რომ თუ მართლა ეს ვარიანტი ამუშავდება, ევროპაში სასამართლოს კარს არაერთი და არა მხოლოდ ინგლისური კლუბი მიადგება.

ესპანეთში, „რეალ სოსიედადის” ნაბრძოლ ადგილს „ატლეტიკო” მიითვისებს, იტალიაში „რომა” „ინტერს” ჩაანაცვლებს, ხოლო გერმანიაში „ლევერკუზენი” და „შალკე” „ლაიპციგს” და „მიონხენგლადბახს” გაყრიან.

ზემოთ რომ „ლესტერი” ვახსენეთ, ისიც კი 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას უნდა უმადლოდეს, თორემ ახლა რომ მესამეზეა მაგას დიდ ყურადღებას არავინ მიაქცევდა.

ისმის კითხვა, რატომ მოუვიდა უეფას თავში აზრად ასეთი რამ?

როგორც უცხოური პრესა წერს, უეფას პრეზიდენტს, ალექსანდერ ჩეფერინს ფედერაციებისთვის — იმ შემთხვევაში თუ პანდემია სეზონის ჩამთავრების საშუალებას არ მისცემს — ევროთასებზე გამსვლელი გუნდების დასახელება თავიანთი შეხედულებისამებრ შეუთავაზებია, მაგრამ გამოჩენილან ფედერაციები, რომელთაც საკუთარ კლუბებთან კონფლიქტის ეშინიათ და პასუხისმგებლობა ისევ უეფასთვის გადაუბარებიათ.

ახლა, საინტერესოა რას იტყვის ამ ორგანიზაციის აღმასკომი. მის სხდომას ისეთი ფიგურები უნდა დაესწრონ, როგორებიც გახლავან „იუვენტუსისა” და „პარი სენ ჟერმენის” პრეზიდენტები ანდრეა ანიელი და ნასირ ალ-ხელაიფი.

უმტკივნეულო გამოსავალი კი, რასაკვირველია, სეზონის განახლებაა.