„ჩელსის” ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში 10 მილიონ გირვანქას მოიკლებენ. ეს ყოფილა თითოეული მათგანის მიერ თვეში გასამრჯელოს 10 პროცენტზე უარის თქმა, რასაც მაისიდან დაიწყებენ. დასავლეთლონდონელებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში ინგლისის სტადიონებზე ბურთი თავიდან გაგორდება და ახალი სეზონი დაიწყება, მანამდე კი ქამრებს მოიჭერენ.
ზემოხსენებული გადაწყვეტილება გუნდის სახელით კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ გაასაჯაროვა. 30 წლის ესპანელმა თანაგუნდელებს ჰკითხა, არიან თუ არა თანახმა ზაფხულის განმავლობაში ხელფასის შემცირებაზე და პასუხად „დიახ” მიიღო.
ცნობილია, რომ „ლურჯების” მწვრთნელმა და ლეგენდამ ფრენკ ლემპარდმა ფეხბურთელებზე ადრე გამოიჩინა ინიციატივა და შემოსავლის ნაწილზე უარი თქვა. ლემპარდი წელიწადში 5 მილიონ გირვანქას იღებდა. მან 1,25 მილიონი დაიკლო.
სულ, „ჩელსის” სახელფასო ფონდი წელიწადში 285 მილიონ გირვანქას უდრის და ამ თანხის დიდ უმეტესობას მოთამაშეები იღებენ.
„სანმა” დაწერა, რომ „ჩელსის” ფეხბურთელები ზემოთ ნახსენებ თანხას სამუდამოდ ემშვიდობებიან. „არსენალისგან” განსხვავებით მათ ეს ფული არსაიდან აუნაზღაურდებათ — არც ჩემპიონთა ლიგიდან, არც ევროლიგიდან და არც რომელიმე სხვა ხერხის გამოყენებით.
დღეისათვის, მაგალითად, შეწყვეტილი ჩემპიონატის ცხრილში დასავლეთლონდონელები მეოთხე ადგილზე არიან და საბოლოოდ ოთხეულში რომც მოხვდნენ (თუკი შეჯიბრება გაგრძელდება) ამის გამო მათ დაკლებულს არავინ დაუბრუნებს. სეზონის დასრულებამდე კი 9 თამაში დარჩა.
ამბობენ, რომ ხელფასს 25 პროცენტით შეიმცირებს კლუბის მეპატრონის რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელი, დირექტორი და „ლურჯი” ტრანსფერების ავან-ჩავანი მარინა გრანოვსკაია.