მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯი ტიბო კურტუა თავმდაბლობის სიჭარბით არასოდეს გამოირჩეოდა და ბოლო ვრცელ ინტერვიუში ეს ერთხელაც დაადასტურა. როდესაც ჟურნალისტმა თანამედროვეობის საუკეთესო მეკარის დასახელება სთხოვა, ბელგიელმა პასუხი კატეგორიებად დაყო და საუკეთესოები სხვადასხვა კომპონენტში დაასახელა.
გამოსვლაზე თამაში
– საუკეთესო ალბათ მე ვარ. მეკარეთა უმრავლესობა ან არ გამოდის კარიდან, ანაც ბურთის საჯარიმოდან გამოტანაზე აკეთებს აქცენტს. ბელგიაში ამ კომპონენტს დიდი ყურადღება ეთმობა და ბურთის ხელებში დაჭერას გვასწავლიან, ესპანური სამეკარეო სკოლა კი, როგორც ვიცი, მუშტებით მოგერიებას ანიჭებს უპირატესობას.
დარტყმის მოგერიება
– რა თქმა უნდა, ობლაკი. ძალიან კარგია ტერ შტეგენიც. მინახავს, როგორ აფიქსირებენ ხელებში ურთულესად დარტყმულ და ასხლეტილ ბურთებსაც კი.
ფეხით თამაში
– პასუხი მარტივია – ტერ შტეგენი, თუმცა მაოცებს ალექს რემიროც „სოსიედადიდან“.
ერთი ერთზე ფორვარდთან
– ამ კომპონენტში ნამდვილად ძლიერი ვარ. მომწონს ალისონი და ტერ შტეგენიც. ამ უკანასკნელში სრულად იგრძნობა გერმანული სტილი – ცალ მუხლში ჩახრილი, მეორე ფეხი წინ გადგმული და მშვილდივით მოზიდული ხვდება თავდამსხმელს.
მენტალიტეტი
– სხვებზე ვერაფერს გეტყვით და პირველ ადგილზე საკუთარ თავს დავაყენებ. უმაღლეს დონეზე მოთამაშე მეკარე სწორედ მენტალიტეტით უნდა იყოს ძლიერი, თორემ შეუმცდარი არავინაა.