2010 წლის 29 ნოემბერს „ბარსელონამ” „რეალს” 5:0 მოუგო. ეს იყო ჟოზე მოურინიუს პირველი „ელ კლასიკო”, ხოლო იმ დღის ერთ ეპიზოდს რუბრიკაში „ამბავი, რომელიც არ მოგვიყოლია” ესპანური გაზეთი „მარკა” იგონებს.
დაახლოებით 30-ე წუთზე, როდესაც ანგარიში იყო 2:0, ბურთი აუტის ხაზს მიღმა გადავარდა და ის „ბარსას” მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ აიღო. აუტის ჩასაწოდებლად კრიშტიანუ რონალდუ გაიქცა, მაგრამ როდესაც გვარდიოლას მიუახლოვდა კატალონიელმა ბურთი მას კი არ მიაწოდა, გადააგდო. რონალდუ გაფიცხდა და გვარდიოლას ხელი ჰკრა. ამის დანახვაზე შეფს ანდრეს ინიესტა, ვიქტორ ვალდესი და პედრო გამოესარჩლენ. ატყდა გაწევ-გამოწევა. სწორედ ამ ძიძგილაობის დროს მიუტრიალდა კრიშტიანუ პედროს და დამცინავად ჰკითხა:
– შენ ვინ ხარ?
– მე მსოფლიოს ჩემპიონი ვარ. შენ ვინღა ხარ? – არ დაიბნა ბარსელონელი.
ამ კონფლიქტის მიუხედავად, როდესაც გავიდა დრო და ფიფა-ს პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა რონალდოზე გადაბრუნებული სიტყვა იკადრა, ერთ-ერთი პირველი, ვინც პორტუგალიელის დასაცავად ხმა აიმაღლა სწორედ პედრო იყო.
„არ მომწონს რასაც ბლატერი კრიშტიანუს უკეთებს”, — თქვა მან „მარკასთან” ინტერვიუში 2013 წელს.