გაათავისუფლეთ ფინალის მსაჯი!
კურიოზული აღმოჩნდა მსოფლიოს სულ პირველი, 1930 წლის ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა მასპინძელ ურუგვაისა და არგენტინას შორის. ქვეყნებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო ყველა მსაჯს ეშინოდა ქომაგების მხრიდან შესაძლო შურისძიების. ერთადერთი, ვინც გარისკა, ბელგიელი ჯონ ლანგენუსი იყო. ორგანიზატორები მშვიდად იყვნენ, მაგრამ მოვიდა მატჩის დაწყების დრო და… სადაა ბელგიელი?!
ფინალური მატჩის წინ აჟიოტაჟმა პიკს მიაღწია და სტადიონს ტევადობაზე ხუთჯერ მეტი ქომაგი მიაწყდა. ყველაზე ოღრაშებმა მსაჯის ყალბი მოწმობები დაიმზადეს და როცა შესასვლელს „მეოთხე ჯონ ლანგენუსი“ მიადგა, პოლიციამ ყველა მომდევნოს განყოფილებაში უკრა თავი. სხვა ორ ათეულ „მსაჯთან“ ერთად, კამერაში აღმოჩნდა ნამდვილი ლანგენუსიც.
სიმართლე გაირკვა და ბელგიელი სტადიონზე დააბრუნეს, თუმცა მსოფლიოს პირველი ჩემპიონატის ფინალი ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო.

მსაჯმა თავი გაიძევა

1998 წელს ლონდონის გარეუბან ჩარლტონში სამოყვარულო „საუთჰემპტონ არმსი“ და „ჰერსბორ ბრიტუშ ლეგიონი“ ხვდებოდნენ. მატჩი თავიდანვე დაძაბული იყო, მაგრამ მეორე ტაიმში ყველა საზღვრებს გასცდა. ფეხბურთელები მსაჯ მელვინ სილვესტრის ეურჩებოდნენ და საქმე იქამდე მივიდა, ერთმა მათგანმა საფეხბურთო თემიდის მსახურს ხელი ჰკრა. მსაჯმა შეურაცხყოფა ვერ აიტანა და ფეხბურთელი თვალებს შორის დარტყმით დაანოკდაუნა. როცა სილვესტრი მიხვდა, რომ ეს მეტისმეტი მოუვიდა, ჯიბიდან აუღელვებლად ამოიღო წითელი ბარათი და საკუთარ ცხვირწინ აიფრიალა. სილვესტრიმ სასტვენი თანამსაჯს გადასცა და თავჩაქინდრული წავიდა გასახდელში.
მელვინ სილვესტრის ექვსკვირიანი დისკვალიფიკაცია მისცეს. თვენახევარმა მალე გაირბინა, მაგრამ მას უკვე დაფიცებული ჰქონდა, რომ არბიტრის როლში მოედანზე აღარასოდეს გავიდოდა.
წილი
წინა სტატიაგერმანიის 9 მაისობა
შემდეგი სტატიაშენ ვინღა ხარ?
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".