ლეო მესიმ უარყო ხმები თითქოს „ინტერთან” იყოს დაკავშირებული და რონალდინიოსთვის რაიმე ფული გადაეხადოს.

არგენტინელ ვარსკვლავს „ინსტაგრამზე” არც მეტი არც ნაკლები 147 მილიონი მიმდევარ ჰყავს და ასეთი ფართო საზოგადოების გასაგონად, საკმაოდ გაღიზიანებულმა დაწერა, რომ ტყუილებს უგონებენ.

ბრაზილიელი რონალდინიო და მისი ძმა რობერტო ასისი რამდენიმე დღის წინ პარაგვაის ციხიდან გაუშვეს და ახლა შინაპატიმრობაში არიან. ძმებმა გისოსებს მიღმა თვეზე მეტი გაატარეს. მიზეზი, ძალიან არასაფეხბურთო იყო — ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ პარაგვაიში შესვლას. ნამდვილი პასპორტები მათ ბრაზილიის ხელისუფლებამ შაქრის უკანონო წარმოებისა და დაკისრებული ჯარიმის არ-გადახდის გამო ჩამოართვა.

როდესაც ვექილებმა რონალდინიო და მისი ძმა 1,6 მილიონ დოლარიანი თავდებით ციხიდან გამოაშვებინეს, გაჩნდა კითხვა: საიდან მოვიდა ამხელა თანხა? სწორედ ამ მარჩიელობის დროს ამოტივტივდა მესის სახელი. ითქვა, თითოს მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ყოფილ თანაკლუბელს თავდების თანხა გადაუხადა, მაგრამ ლეომ, როგორც მოგახსენეთ, შორს დაიჭირა.

და კიდევ, ბოლოხანს დაწერს, რომ მესი „ბარსელონას” შეფებთან უბრად არის, რის გამოც „ინტერში” აპირებს გადასვლას. არგენტინელმა ამასაც ტყუილი უწოდა.

მან TNT Sports-ის სკრინშოტი დაპოსტა და  მიაწრა:

#FakeNews.

ტყუილი 1: მესი „ინტერში” გადადის.

ტყუილი 2: მესიმ რონალდინიოს ციხეში ფული გაუგზავნა.

და ბოლოს: „რაც მათ „ნიუელს ოლდ ბოიზზე” თქვეს, ასევე ტყუილია. კიდევ კარგი ამ ტყუილებს არავინ დაუჯერა”.

სხვათა შორის, ჭორებს მესის „ინტერში” გადასვლის შესახებ  მილანური კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც შეუწყო ხელი. მან ქარაგმული რაღაც თქვა: „სულაც არ ვფიქრობ, რომ მესიზე ოცნება აკრძალულია. შეიძლება ეს ოცნება ამ უბედურებამდე (იგულისხმება კორონავირუსი) კიდევ უფრო მისაღებიც კი იყო. მესის „ბარსელონასთან” კონტრაქტი უმთავრდება და მე რომ ვიყო, მის გადმობირებას ნამდვილად ვცდიდი. არ ვიცი პანდემია რას შეცვლის და რას არა, მაგრამ წესით, წლის ბოლოს უცნაური ამბების მოწმეები უნდა გავხდეთ”.

მოდი და გაიგე, რას ნიშნავს.