ინგლისის „ლივერპულის“ ბოსებმა მეტისმეტად უგუნური ნაბიჯი გადადგეს. მათ იძულებით შვებულებაში გაუშვეს კლუბის თანამშრომელთა ნაწილი. საუბარია ძირითადად მომსახურე და ტექნიკურ პერსონალზე, თუმც ეს ხალხი სრულ ხელფასს შვებულებისასაც მიიღებს.

მაშ რაშია საქმე? ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც იძულებით შვებულებაში გაშვებულ პირებს ხელფასის 80 პროცენტს სახელმწიფო უხდის, თუ ეს თანხა 2500 გირვანქას არ აღემატება.

სწორედ ამ კატეგორიაში გადის მომსახურე და ტექნიკური პერსონალი, კლუბს კი ისღა დარჩენია, მათ მხოლოდ დარჩენილი 20 პროცენტი გადაუხადოს.

მოდით ჯერ „ლივერპულისვე“ ლეგენდებს მივცეთ სიტყვა.

ჯეიმი კარაგერი: „იურგენ კლოპი ყოველთვის თანაგრძნობას იჩენდა კორონავირუსით დაზარალებულთა მიმართ და ბიჭებიც აქტიურად ჩაერთვნენ ხელფასების მესამედით შემცირების აქციაში. ახლა ამ თანაგრძნობამ და ქველმოქმედებამ აზრი დაკარგა. „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მეტისმეტად ულამაზოდ მოიქცა“.

სტენ კოლიმორი: „არ ვიცნობ „ლივერპულის“ არც ერთ ფანს, პერსონალის მიმართ გამოტანილი ამ გადაწყვეტილების შემდეგ ზიზღის შეგრძნება რომ არ ჰქონდეს. ეს ძალიან არასწორი საქციელია“.

კლუბის ინკოგნიტო თანამშრომელმა კი განაცხადა: „კლუბი თანამშრომლებს ოჯახს უწოდებს, მაგრამ მე ოჯახის წევრად თავი ვერ ვიგრძენი. მილიონების პატრონები რატომ იყენებენ სახელმწიფო სქემას თანამშრომელთა დასაფინანსებლად? ეს ფული რეალურად გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ბიზნესს გაცილებით მეტად სჭირდება“.

ცნობისათვის: მხოლოდ წინა სეზონში „ლივერპულმა“ 600 მილიონი ევრო შემოსავალი მიიღო და აქედან 50 მილიონი სუფთა მოგება იყო. უკმაყოფილების ტალღა იმანაც გაამძაფრა, რომ იმავე ქალაქის გაცილებით მოკრძალებულმა „ევერტონმა“ თანამშრომლებს საკუთარი სახსრებით ხელფასის სრულად გადახდა აღუთქვა.

„ლივერპულის“ გარდა სამთავრობო პროგრამით უკვე სარგებლობენ „ტოტენჰემი“ და „ნიუკასლი“. პირველ შემთხვევაში „დეზებს“ 500 მილიონი გირვანქა ადევთ ვალად და ასე თუ ისე გასაგებია, ნიუკასლელებს კი პრეზიდენტი სიძუნწეში მსოფლიო ჩემპიონი ჰყავთ.