გუშინ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ბელგიური “გენტი” ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავიგულეთ, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა.

მოვყვეთ თავიდან: ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადების რეკომენდაცია გასცა. ახლა გენერალური ასამბლეის დასტურია საჭირო, რაც “ბრიუგეს” ჩემპიონობას უდრის, “გენტს” კი ვერცხლის მედლები გადაეცემა. ეს ბელგიელთა შიდა სამზარეულოა, მაგრამ უეფას რეაქცია მყისიერი იყო: ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ წევრ ასოციაციებს დაბეჯითებით ურჩია, არ მიბაძონ ბელგიელთა მაგალითს. ამას მალევე ოფიციალური განცხადებაც მოჰყვა, ევროპულმა ასოციაციებმა კი შესაბამისი წერილებიც მიიღეს.

“რადგან უეფას საკლუბო ტურნირებში მონაწილეობა შიდა პირველობების დასრულებისას მიღებული სპორტული შედეგებით განისაზღვრება, სეზონის ნაადრევად დასრულება ამ პირობის შესრულებას კითხვის ნიშანს დაუსვამს. უეფა იტოვებს უფლებას, მოქმედი წესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილებები 2020/21 წლების ევროტურნირებში კლუბების დაშვებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ იზიარებთ ჩვენი სპორტის ძირითად ფასეულობებს და ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ერთად დავიცვათ ჩვენი შეჯიბრებების მთლიანობა” – ნათქვამია უეფას განცხადებაში.

ანუ, უეფა ნაადრევად მიიჩნევს ჩემპიონების და პრიზიორების ამთავითვე დასახელებას და თუნდაც მოგვიანებით, თუნდაც შემჭიდროებულ ვადებში, ამ ტურნირების ჩამთავრებას ემხრობა.