„ბარსელონას” ლეგენდამ ჩავიმ თქვა, რომ მის ყოფილ გუნდს გასაძლიერებლად გარემარბები სჭირდება.

ჩავი: „მე რომ „ბარსელონას” სათავეში ვიყო, გარემარბებს მოვიწვევდი. მაგალითად, დავაბრუნებდი ნეიმარს. არ ვიცი სოციალური ასპექტის გამო არის თუ არა ის ფორმაში, მაგრამ როგორც ფეხბურთელი გამორჩეულია და მისი შეძენა ძალიან კარგი იქნებოდა.

„ბარსელონას” შუაში ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, მაგრამ ფრთებზე ხალხი აკლია. ამ მხრივ „ბაიერნია” სანიმუშო”.

ეს ინტერვიუ ჩავიმ ესპანურ „ლა ვანგუარდიას” მისცა. გაზეთის მთავარი ოფისი ბარსელონაშია. 2011 წლის 3 მაისიდან გამოდის  „ლა ვანგუარდიას” კატალონიური ვარიანტიც. გაზეთი მეტწილად კატალონიაში ვრცელდება, მაგრამ მაინც მეოთხე ადგილზეა ესპანურ გაზეთებს შორის.

იანვარში, როდესაც „ბარსელონა” მწვრთნელის ერნესტო ვალვერდეს შეცვლას აპირებდა, კლუბის შეფებმა სამსახური ჩავისაც შესთავაზეს, მაგრამ მან ისინი უარით გაისტუმრა. შედეგად, „ბლაუგრანას” თავკაცი გახდა კიკე სეტიენი.

რატომ დაიჭირა ლეგენდამ საყვარელი გუნდის სათავეში ჩადგომისგან თავი შორს? სავარაუდოდ იგრძნო, რომ დირექტორატი თავის გემოზე მუშაობის საშუალებას არ მისცემდა და მის საქმეში ჩაერეოდა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა როდესაც თქვა:

„მე მიყვარს იმ ხალხთან მუშაობა, ვისაც ვენდობი. როდესაც არის ერთგულება. გასახდელთან ახლოს შხამიანი არავინ უნდა ტრიალებდეს”.

მაშ, ვისთან ერთად იმუშავებდა ჩავი?

„ისეთ ხალხთან, როგორიცაა  კარლეს პუიოლი — ის ხომ „ბარსას” კაპიტანი იყო; ან ჯორდი კრუიფი, რომელსაც მოლაპარაკებების ჩინებული ნიჭი და ტექნიკურ მდივნად მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს”.

40 წლის ვეტერანმა, რომელიც დღეს ყატარის „ალ სადს” წვრთნის, „ლა ვანგუარდიასთან” ინტერვიუში კიდევ თქვა:

„დღეს „ბარსელონაში” მეტწილად საუცხოო ფეხბურთელები თამაშობენ. კარში მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი დგას, ჯორდი ალბა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა მცველია, სერჯიო ბუსკეტსზე ძლიერი ჩამშლელი ნახევარმცველი მსოფლიოში არ არის, ლეო მესი კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ახლა მათ ლუის სუარესი, ფრენკი დე იონგი და არტურ მელო დაამატეთ და დაასკვნით, რომ საფუძველი ძალიან ძლიერია”.

შემდეგ კი ჩავის ყატარზეც ჰკითხეს. მან უპასუხა:

„ყატარში თანდათანობით ხვდებიან, რა არის შესაცვლელი, მაგრამ ყველაფერს დრო სჭირდება. არის პრინციპული საკითხები, რომელთაც გამოსწორება უნდა. ასეთებია მაგალითად, პრესის თავისუფლება, ჰომოსექსუალთა პატივისცემა, მაგრამ, იმავდროულად ძალიან ბევრი პოზიტიურიც არსებობს”.

ჩავიმ „ბარსელონას” შემადგენლობაში 769 თამაში ჩაატარა, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, რვაჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ აღმართა ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში კი გახდა ევროპის ორგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი.