1988 წელს სსრკ-ის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურმა ექვსეულმა თბილისში ითამაშა. კალენდარი ისე იყო შედგენილი, ჩემპიონის ვინაობა ბოლო შეხვედრას უნდა გაერკვია. მოსკოვის ცსკა კაუნასის „ჟალგირისის” წინააღმდეგ!

ლიტველებს კურტინაიტისი, ხომიჩუსი, იოვაიშა ჰყავდათ და ეს უკვე ზღაპრული შემადგენლობა იყო, მაგრამ მათთან ერთად თბილისში ჩამოვიდა ერთი ბუმბერაზი კაცი, რომლის ცოცხლად ნახვის შანსსაც ხელიდან ვერ გავუშვებდი.

თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე სპორტის სასახლეს მილიციის ორმაგი კორდონი შემოარტყეს და მესამე შენობაში „ჩასაფრდა“.

17 წლისას მეყო თავხედობა და მატჩზე უბილეთოდ მოხვედრა მოვინდომე… იღბალიც ამას ჰქვია! პირველივე კორდონში ჩემი უბნელი მილიციელი აღმოვაჩინე. იმან მეორე კორდონშიც გამატარა და – ახლა თავს მიხედეო. სასახლეში ყველა ტრიბუნის შესასვლელს ორი მილიციელი იცავდა. მშვიდობით ოცნებავ? არა!!!

– ბიძიებო, ამ თამაშზე რომ ვერ მოვხვდე, გავგიჟდები! ეტყობა, ნატურალურად ვითამაშე პოტენციური გიჟის როლი:

– დავაი, მალე ტრიბუნაზე და სადმე კიბეებზე დაჯექი!

დავჯექი. დანარჩენი სიზმარივით იყო. ცოცხალი არვიდას საბონისი პარკეტზე რუსი არმიელებისა და მსაჯების წინააღმდეგ ერთდროულად ომობდა, გარდერობისხელა ტკაჩენკოს კი ბავშვივით დაარბენინებდა უბურთოდ.

შავოსნებმა შავი საქმე ჰქმნეს და სირენამდე ოთხი წუთით ადრე „საბა“ გააძევეს. რუსებმა ბოლო წუთზე მოიგეს. გული დამწყდა, მაგრამ ცოცხალი ლეგენდა ხომ ვნახე? მაშინ, ალბათ, თავადაც ვერ იფიქრებდა, რომ შემდგომში NBA-ს დიდების დარბაზში მოხვდებოდა..

რამ გამახსენა ეს ისტორია? ლიტვა-საქართველოს მატჩისას კადრში უამრავჯერ მოხვედრილმა გენიოსმა, რომელმაც კალათბურთი შემაყვარა. ლეგენდამ, რომელიც ხმის მიწვდენისა და ქომაგობის მანძილზე ვნახე.

სპორტი მშვიდობაა! სპორტი აზარტია! სპორტი სანახაობაა! სპორტი ბიზნესია!

ამ ყველადერს კი გამორჩეულები, თითზე ჩამოსათვლელები ჰქმნიან. ლიტვაც კი 30 წელია უშედეგოდ ელოდება ახალი ლეგენდის დაბადებას.

არც მე ვიქნებოდი წინააღმდეგი…