პრემიერლიგის, ინგლისის ფეხბურთის ლიგისა და ქვეყნის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შედეგად, უმაღლესი დონის დიდხელფასიან ფეხბურთელებს დაბალი ლიგების გადასარჩენად ფულის გაღება მოუწევთ. ამბობენ, ჯამში 100 მილიონ გირვანქაზე მეტი ჩამოეჭრებათო.

კონკრეტული ჯერ კი არაფერი თქმულა, მაგრამ გადახედეს საერთო სურათს და დაინახეს, რომ ბობოლა კლუბებში ამ ეტაპზე საშინელი არაფერი ხდება, დაბალი ლიგები კი შეიძლება კატასტროფის წინაშე აღმოჩნდნენ.

რასაკვირველია, არის კლუბები, რომელთაც ქვეყანაში საფეხბურთო სისტემის შესანარჩუნებლად ფული ენანებათ, მაგრამ, საერთო სალაროში თანხის შეტანა მაინც მოუწევთ. შეკრებაზე, სავარაუდოდ, ითქვა, რომ ბურთაობის განახლებას ივლისამდე პირი არ უჩანს და ამ სამი თვის გადასატანად, დიდი კლუბების ვარსკვლავებს ხელფასების 20 პროცენტს დაუქვითავენ. შესაძლოა, ზოგ შემთხვევაში კი არ დაქვითონ, არამედ გადახდა გადაუვადონ — მერე, თანდათან მოგცემთო, უთხრან.

იმის ცხადად წარმოდგენისათვის, თუ რა ფულის პატრონებს უპირებენ ხელფასის დაქვითვას და რამდენის ჩამოჭრას უპირებენ, ასეთი რიცხვები მოვიტანოთ: მთელს პრემიერლიგაში წლიური ხელფასი 2 მილიარდ გირვანქაზე მეტია. ზემოთ ნახსენები 20 პროცენტიანი დაქვითვა კი 105 მილიონს ააგროვებს.

ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან კევინ დე ბრუინი, პოლ პოგბა, მესუთ იოზილი, მოჰამედ სალაჰი და, ვთქვათ, ჰარი კეინი, დაახლოებით 750 000 გირვანქა დააკლდებათ და ამ ფულმა დაბალ ლიგებში, წესით, ინფრასტრუქტურით დაწყებული, უშტატო თანამშრომლებით დამთავრებული, ყველა და ყველაფერი უნდა გადაარჩინოს. ყოველ შემთხვევაში, გადარჩენის საქმეში დიდი წვლილი უნდა შეიტანოს.

პრემიერლიგა, ინგლისის ფეხბურთის ლიგა და პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია შემდეგ კვირაშიც აპირებენ თათბირს.