შაბაშ! ოლიმპიური თამაშები გადაიდო. ეს უკვე გადაწყვეტილი საქმეა.

აქამდე სულ სამჯერ იყო, ოლიმპიური თამაშები რომ არ გაიმართა (1916, 1940 და 1944 წლებში) და მაშინ მიზეზი მსოფლიო ომები გახდა. კორონავირუსი ამავე კალიბრის კატასტროფების რიგში ჩადგა და, თუმცა ჯერჯერობით საუბარი მხოლოდ ერთი წლით გადატანაზეა, არავინ იცის, როგორი იქნება მსოფლიო 2021 წლის ზაფხულში.

პირველი ემოცია? დაახლოებით ისეთი, ძალიან ახლობელი ადამიანის საიდანმე ჩამოსვლას რამდენიმე წელიწადი რომ ელოდები და შეგატყობინებს, არ გამომდისო. არადა, ყოველი დღე და წუთი უკვე დაგეგმილი რომ გქონდა.

სპორტსმენები ცალკე თემაა. უზარმაზარი შრომა, სპეციალურად შედგენილი საწვრთნელი პროგრამა, დიდი ხნის წინ დაგეგმილი ფორმის პიკი და… არაფერი. ვიღაცისთვის ტოკიოს თამაშები სადებიუტო უნდა ყოფილიყო და ემოციური ბზარი უსათუოდ გაჩნდა. სხვები კარიერის ყველაზე დიდი სპორტული ფორუმით დასრულებას გეგმავდნენ და აქაც გაურკვევლობა. ვინ იცის, რამდენ ბიოგრაფიაში გაჩნდება ფრაზა: „2020 წელს ოლიმპიური თამაშების გადადება რომ არა…”

ზემოთქმული მხოლოდ ემოციაა და ბუნებრივია ვერ გაუტოლდება ვირუსული პანდემიით წარმოქმნილ საფრთხეს. ოლიმპიადა ხომ მშვიდობის, ხალხთა ერთიანობისა და ჯანმრთელობის სიმბოლოა.

ჰოდა, რადგან ასეა, ჯერ მთელ მსოფლიოს სულ სხვა გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი. უამისოდ ყველაფერი აზრს დაკარგავს და გაუფერულდება.

გულდასაწყვეტია, რომ სპორტულ სამყაროს ასეთი ხარკის გაღება უწევს. სამაგიეროდ, ტოკიო 2021 გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე მხოლოდ სპორტული ფორუმი და ჩემპიონებიც ყველა ერთად უნდა გავხდეთ.