„ჩელსი” ვილიანის თხოვნას განიხილავს — ბრაზილიელს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში სამშობლოში სურს დაბრუნება.
ნახევარმცველს ის ლონდონი, რომელსაც ამ დღეებში ხედავს, აღიზიანებს. ის ამბობს, რომ ინგლისის დედაქალაქი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს, რაც ძირითადად იმის ბრალია, რომ ხალხი მაღაზიებს შეესია.
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო COVID 19-ს ებრძვის, 31 წლის ფეხბურთელს ოჯახთან უნდა ყოფნა და ამაში საკვირველი არაფერია, მაგრამ დასავლეთლონდონელებს ეშინიათ, რომ თუკი მათი თანხმობის საფუძველზე, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ვილიანს ბრაზილიაში გამგზავრების ნებას დართავს, მოთამაშე აღარც დაბრუნდება… ყოველ შემთხვევაში, მისი უკან შემოტყუება საწვალებელი გახდება.
საქმე ის არის, რომ ვილიანს „ჩელსისთან” კონტრაქტის ვადა ივლისში ეწურება.
ვილიანი: „მაღაზიებში რომ შეხვალთ ომის პერიოდი გეგონებათ. მე კი მარტო ვარ და ვცდილობ სამშობლოში დაბრუნების უფლება მივიღო.
ჩემი მეუღლე და გოგოები ბრაზილიაში არიან. სხვა მოთამაშეებიც შინ მიემგზავრებიან, რათა თავიანთ ოჯახებთან იყვნენ”.
არადა, მიმდინარე კვირის დასაწყისში ვილიანმა სხვა განწყობის პოსტი დადო:
„გამაგრდით. იზრუნეთ. დაეხმარეთ ერთმანეთს! მოდი, ეს რთული პერიოდი ერთად დავძლიოთ!”, — მინაწერად ჰქონდა მისი და მისი ცოლ-შვილის ფოტოს.
„ჩელსის” შიში კი ყველაფერთან ერთად აი, რით არის განპირობებული: თუ პრემიერლიგის ჩემპიონატი 30 აპრილს განახლდება, ვილიანს თავიდან მოუწევს ბრიტანეთის შესაბამის სამსახურში ოფიციალური თხოვნის დაწერა და ქვეყანაში შესვლის ნებართვის მიღება. ამ პროცედურას, სავარაუდოდ, დრო დაჭირდება.
და რა სურათია კორონავირუსის თვალსაზრისით ბრაზილიაში? ამ მომენტისთვის, როდესაც ვილიანის შესახებ ცნობა იწერება, სულ 970 ადამიანია ავად, 11 გარდაიცვალა, 2 სრულად გამოჯანმრთელდა, 18 კი მძიმედაა.
და მაინც, „ჩელსის” ქცევაში ერთგვარი უნდობლობის დანახვა შეიძლება. ვილიანმა ცოტა ხნის წინ ხომ განაცხადა, რაც გინდა მოხდეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ზაფხულში ჩემს კონტრაქტს ვადა ეწურება, „ლურჯებისადმი” ერთგულების ნიშნად სეზონს მაინც ჩავამთავრებო.
მან ბრაზილიურ ტელეარხ Esporte Interativo-ს უცნაურადაც კი უთხრა: „ჩემი კონტრაქტი მართლა იწურება. თუ სწორად მახსოვს, ივლისში”.