ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მოვლენების ამგვარ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა. ახალი კორონავირუსი უსწრაფესად გავრცელდა ევროპაში და სპორტულ ღონისძიებებს ვინ დაეძებს, პლანეტაზე გლობალური დღის წესრიგი შეიცვალა, თუმცა ჩემი პროფილი რაგბია და ამ სფეროზე ვისაუბრებ.

ჯერ იყო და ექვსი ერის მესვეურებმა გადაწყვიტეს ტურნირის შეჩერება, შემდეგ – „რაგბი ევროპამ“ და ამათ ფაქტობრივად ყველა ტურნირი მიჰყვა. ერთადერთი, სუპერ რაგბის ტური ჩათამაშდა და ისიც – არა სრულად, რადგან ბუენოს აირესში „ხაგუარესის“ საშინაო მატჩი გაუქმდა, ხოლო 20-წლამდელთა ექვსი ერის პირველობაზე უელსმა თანატოლ სქოთებთან შინ მძიმე მარცხი იგემა. ეს იყო და ეს.

ამასობაში ეპიდემიამ მთელი ძალით იფეთქა და უამრავი ქართველი ლეგიონერი კარანტინისა თუ თვითიზოლაციის პირობებში აღმოჩნდა. ასე, მაგალითად, საფრანგეთის ტოპ 14-სა და პრო დ2-ში მოასპარეზე ქართველები თავთავიანთ სახლებში იმყოფებიან და გარეთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის გამო გადიან. ის კი არა, აქეთ გვამშვიდებენ და მოთმინებისკენ მოგვიწოდებენ. მაგალითად, მამუკა გორგოძემ ვიდეორგოლი ჩაწერა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

„დარჩით სახლში და ნუ ჩაყრით წყალში იმ თავდადებულ შრომას, რომელიც ქართველმა ექიმებმა და მთელმა საორგანიზაციო ჯგუფმა გასწიეს. ასეთი მობილიზება, როგორსაც საქართველოში ვხედავთ, საფრანგეთის დონის განვითარებული ქვეყნისთვისაც შესაშურია,” – დაახლოებით ასეთი პათოსით მიმართა ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა თანამემამულეებს.

რუსეთთან არშემდგარი მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა ნაწილი კლუბებისკენ გაეშურა, ზოგი კი სამშობლოში დარჩა. მაგალითად, კვაჭი გიორგი ჭყოიძე რუს თანაკლუბელ გრესევთან ერთად პენზაში გაემგზავრა, რათა ადგილობრივ „ლოკომოტივთან“ ერთად ახალი რუსული სეზონისთვის მოსამზადებლად ბოლო შეკრებაზე გამგზავრებულიყო. გიორგი ცუცქირიძე და ბექა საღინაძე ორიაკში ჩავიდნენ და როგორც აღმოჩნდა, სულ ტყუილად, რადგან მაშინვე თვითიზოლაციაში გაუშვეს. აი, გიორგი მელიქიძე კი არ წასულა პარიზში და სულაც კარანტინს გადაურჩა, რადგან როგორც ფრანგულ პრესაში დაიწერა, მისი „სტად ფრანსეს“ ერთ-ერთ წევრს კორონავირუსი აღმოუჩინეს და მთელმა პარიზულმა კლუბმა – მოთამაშიან-მწვრთნელიანად კარანტინში ამოჰყო თავი.

ჯაბა ბრეგვაძემ თავის იაპონურ „სანვულვზში“ სუპერ რაგბის ბოლო ტურში ითამაშა და ცხადია, იაპონიაში თვითიზოლაციაში იმყოფება. მოკლედ, უცხოეთში მყოფი ქართველები სხვადასხვაგვარ პირობებში არიან, თუმცა ყველა ჯანმრთელად და უსაფრთხოდაა.