ნეიმარს ბრაზილიაში წასასვლელად ვერც გახურებული სეზონი აბრკოლებს და, კორონავირუსის პანდემიისას ევროპაში რაღა გააჩერებს?! მიუხედავად იმისა, რომ ამ უხილავმა სენმა მის სამშობლოშიც შეაღწია, საფრანგეთისგან განსხვავებით შედარებით მსუბუქი სტატისტიკაა – სულ 367 შემთხვევა. მართალია ფრანგებს 18 მარტის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ, თუმცა საერთო ჯამში დაინფიცირებული იქ 7,730 ადამიანია და ეს ქვეყანა ევროპაში კორონავირუსის ერთ-ერთი მთავარი კერაა. მოსაზღვრე ესპანეთში კი 18 მარტს 2,084 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 90 ადამიანი გარდაიცვალა.
პსჟ-ს კაპიტანმა ტიაგო სილვამ რომ დაინახა თანამემამულე სამშობლოში დაბრუნდა, ჩემოდანი ჩაალაგა და მეორე დღეს უკან მიჰყვა. ბრაზილიაში, ეტყობა, კაპიტანი გემს ბოლოს არ ტოვებს. პარიზელებს ბერკეტი არ გააჩნდათ ვარსკვლავები საფრანგეთში დაეტოვებინათ, თუმცა სხვა ფეხბურთელები ჯერ კიდევ ადგილზე არიან, მათ შორის უცხოელები: მარკო ვერატი (რა გასაკვირია რომ ახლა იტალიას საფრანგეთი ურჩევნია), პაბლო სარაბია და ანდერ ერერა.
გუნდმა ის გააკეთა, რაც მოეთხოვებოდა – ფეხბურთელებს რჩევები მისცა, ამ დროს როგორ უნდა მოიმოქმედონ, თუმცა ბრაზილიელებისთვის ხასიათს აყოლა უცხო არ არის…