ინგლისელმა ფეხბურთელებმა მეისონ მაუნტიმ და დეკლან რაისმა ხალხი გააბრაზეს — კორონავირუსის პანდემიის დროს მეგობრებთან ერთად საბურთაოდ და სალაღობოდ პარკში წავიდნენ.
მაუნტი „ჩელსის” ფეხბურთელია და მას სავარაუდოდ კლუბი დააჯარიმებს. არის კიდეც დასასჯელი, რადგან დასავლეთ ლონდონელთა ფეხბურთელი კალუმ ჰადსონ-ოდოი COVID 19-ით არის ავად და შესაბამისად მთელ გუნდს თვითიზოლაციაში ყოფნა აქვს დავალებული. მაუნტი კიდევ 10 დღის განმავლობაში შინიდან არ უნდა გასულიყო.
რაც შეეხება რაისს, მისი საქმე გაურკვევლად არის, ვინაიდან „ვესტ ჰემის” მოთამაშემ შესაძლოა არ იცოდა, რომ მაუნტი კარანტინში იყო. თავად თვითიზოლაციაში არ არის და ამ კვირაში წესით ვარჯიშზე ელოდნენ.
მოგეხსენებათ, ჯერჯერობით პრემიერლიგას 3-4 აპრილამდე აქვს უქმობა გამოცხადებული, თუმცა, სავარაუდოდ, იძულებითი არდადეგები მერეც გაგრძელდება.
თვითიზოლაციაშია „ვესტ ჰემის” მწვრთნელი დევიდ მოიესი, რომელსაც COVID 19-ით დაავადებულ „არსენალის” მწვრთნელ მიკელ არტეტასთან ჰქონდა კონტაქტი.
21 წლის ძმაკაცები მეისონ მაუნტი და დიკლენ რაისი მავანმა მოქალაქემ იცნო, რომელსაც თავისი 14 წლის შვილი ჰყავდა პარკში სავარჯიშოდ გაყვანილი.
„ისინი ბურთაობდნენ, ჩემი ბიჭი და ბევრი სხვა ბავშვი კი უყურებდნენ”, — თქვა მამამ.