საბედნიეროდ, ყველაფერი საუკეთესო ფინალამდე მივიდა: საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით მოიგო, ბონუს-ქულაც მიითვალა და რაც მთავარია, მორიგი ტიტული რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვა.

არადა, მოვლენები პორტუგალიასთან პარიზული მატჩის მთელი 67 წუთის განმავლობაში ისე ვითარდებოდა, რომ ჰაერში სენსაციის ჩვენთვის არასასიამოვნო სურნელი ტრიალებდა. პირველ ტაიმში ბორჯღალოსნებმა თავისი კოზირების გამოყენება ვერადავერ მოახერხეს, თან სოსო მათიაშვილმა სამი გატანილი ლელოდან ერთადერთი გარდასახა, პორტუგალიელებმა კი ორი გარდასახული ლელოთი გვიპასუხეს და შედეგად ტაიმი 17:14 მოვიგეთ.

მეორე ნახევარი თითქოს ენერგიულად დავიწყეთ და ბექა საღინაძემ ლელოც გაიტანა, მაგრამ პასუხად 10 ქულა მივიღეთ და „მგლების“ დამრტყმელი უფრო ზუსტი რომ ყიფილიყო, ნომინალური მასპინძლები საკმაოდ დიდი სხვაობით დაგვისხლტებოდნენ.

მაგრამ, როგორც ვთქვით, გადავრჩით: ანტუნეშმა 3 საჯარიმო დარტყმა ააცილა, ხოლო როცა  გაიტანა და თავისი გუნდი 24:22 დააწინაურა, მაშინვე პორტუგალია რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მათმა გარემარბმა ქართველთა სალელოვე შეტევა წესებისდარღვევით ჩაშალა, მაგრამ სინბინი იქით იყოს და პორტუგალიელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, რასაც გალაღებულმა ქართველებმა კიდევ ორი შედეგიანი შეტევა დაუმატეს.

საბოლოოდ 39:24,  თუმცა ამას გადამწვეტი მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, საქართველოს ეროვნული ნაკრები ზედიზედ მე-9 ტიტულს დაეუფლა, სულ კი ბორჯღალოსნები ისტორიაში მეთორმეტედ გახდნენ ევროპის რანგით მეორე სანაკრებო ტურნირის გამარჯვებულები.

შემდეგი მატჩი – ერთ კვირაში თბლისში გველის. მეტოქე – რუსეთის ნაკრებია, რომელმაც დღეს რუმინელები 32:25 დაამარცხა და გასავარდნ პლეი-აუტში არა „მუხის ფოთლები“ მიაბრძაა, არამედ ბელგიელები, რომლებმაც თავის მხრივ ესპანელებთან საშინაო მატჩი 23:30 დათმეს და ბოლო ტურში რუმინეთში უთოდ წააგებენ.

„დათვებს“ კი ვაკეში, „მიხეილ მესხზე“ 16 საათზე დავუხვდებით.