დევისის თასის გათამაშების მეორე ჯგუფის ფლეი ოფს ოპტიმისტურად დავხვდით. ჯერ ერთი, რომ მასპინძლები ვიყავით და მეორეც, რეიტინგი ჩვენს უპირატესობაზე მეტყველებდა.
ნიკილოზ ბასილაშვილი რომ მსოფლიო დონის ჩოგბურთელია, ეგ იქით იყოს და ჩვენი მეორე ნომერი ალექსანდრე მეტრეველიც (რეიტიგის 679-ე ნომერი) აღემატებოდა კრისტიან ტამს (729) და ვლადიმირ ივანოვს (757).
ბასილაშვილმა საკუთარი მოსაგები პარასკევს კი მოიგო, მაგრამ მეტრეველი დამარცხდა და ყველაფერი საშაბათოდ გადაიდო. ვერ გეტყვით რატომ, მაგრამ ამის შემდეგ ჩვენს გუნდში ბევრი რამ შეიცვალა: ვიცოდით, რომ წყვილებში გიორგი ცივიძისა და ზუკა ტყემალაძის დუეტს უნდა ეთამაშა, ბასილაშვილი და მეტრეველი კი მეტოქეებს გაცვლიდნენ.
როგორც ჩანს, გუნდის ხელმძღვანელებმა წყვილების უთუოდ მოგების აუცილებლობა იგრძნეს და ცივაძეს მეტრეველი შეუწყვილეს. ერთეულთა თანრიგში ბასილაშვილი საერთოდ მოიხსნა და განაცხადში ზუკა ტყემალაძე გაჩნდა. სამწუხაროდ ჯერ ჩვენმა წყვილმა წააგო ივანოვი-სიიმარის დუეტთან (6:3, 3:6, 3:6), მერე კი ტყემალაძე ვერას გახდა კრისტიან ტამთან (3:6, 6:2, 5:7).
მეხუთე შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ ჰქონდა და ორივე გუნდმა სათადარიგოები დააყენა. ნიკოლოზ დავლიანიძემ დანიილ გლინკათან (0:6, 7:5, 3:10) წააგო.
სადევისისთასო დღეები დასრულდა. საჩოგბურთო ელიტა უკვე ინდიან-უელსის გზაზეა, სადაც 12 მარტს ATP-1000 კატეგორიის სუპერტურნირი იწყება.