47 წლის ალფ-ინგე ჰაალანდი გახლავთ „დორტმუნდის” 19 წლის ვარსკვლავის ერლინგ ჰაალანდის მამა, რომელმაც ესპანური AS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავისი შვილის შესახებ დაწვრილებით ილაპარაკა. თავადაც ყოფილმა ფეხბურთელმა, რომელიც კარიერის განმავლობაში „ნოტინგემ ფორესტში”, „ლიდს იუნაიტედსა” და „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, ნორვეგიის ნაკრების მაისურა კი 34-ჯერ მოირგო, AS-ს უთხრა, რომ მისი ვაჟისთვის ესპანეთში გადაბარგება შესანიშნავი იქნებოდა.

მამა-ჰაალანდმა ესპანელებს ტკბილი სიტყვა არ დაამადლა: „ჩვენ ასზე მეტი კლუბის ვარიანტი გვქონდა, მაგრამ რად უნდა ლაპარაკი, რომ მათგან ესპანურები საუკეთესოა. ლა ლიგაში ხომ ძალიან დიდი გუნდები თამაშობენ. ოღონდ, წინასწარმეტყველება შეუძლებელია. არავინ იცის რა მოხდება მომავალში. არავინ იცის, ითამაშებს თუ არა ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილი ესპანეთში”.

შემდეგ საუბარი „დორტმუნდს” შეეხო. ალფ-ინგე ჰაალანდი: „ძალიან ბედნიერი ვარ. ერლინგი „დორტმუნდში” შესანიშნავად მოეწყო, თუმცა ამ ეტაპზე ყველაფერზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მას მუდმივი განვითარების შესაძლებლობა მიეცეს. ერლინგს გოლის ძალიან კარგი ალღო აქვს, მაგრამ არც საგოლე პასების რაოდენობა დაეწუნება. ვამაყობ ჩემი ვაჟით”.

დორტმუნდელთა დიდი დამსახურება სწორედ ის არის, რომ ამ კლუბის სკაუტებმა ერლინგ ჰაალანდში ძალიან მალე ამოიცნეს მათთვის საჭირო სტილის ახალი ვარსკვლავი.

მამა-ჰაალანდი: „დორტმუნდმა” აგვიხსნა, რომ მისი ტიპის ფეხბურთელს ეძებდა, არადა ეს უბრალო კლუბი არ არის. ის ბუნდესლიგაში ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძვის; გარდა ამისა რეგულარულად მონაწილეობს ევროშეჯიბრებებში. ფეხბურთელის გაზრდისთვის დორტმუნდი შესანიშნავი ადგილია”.