„ჩელსის” ვარსკვლავი ვილიანი 31 წლისაა და დასავლეთლონდონელებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა. ბრაზილიელს „სტემფორდ ბრიჯზე” ორიოდ თვეღა დარჩა, შემდეგ კი თავისუფალი აგენტი გახდება.
არადა, სულ ახლახან, თებერვალში, ვილიანმა ინტერვიუში თქვა, რომ ლონდონი მისი მეორე სახლია. ის მოწადინებული იყო „ჩელსიში” დასარჩენად. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.
ბრაზილიურ UOL Esporte-თვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთელმა განმარტა, რომ მთავარი დაბრკოლება ახალი ხელშეკრულების ხანგრძლივობაა. თუ დარჩენაა, მას სამი წლით სურს „სტემფორდ ბრიჯზე” დარჩენა, კლუბს კი დაუჩემებია ერთ წელიწადზე მეტს არ გაგიფორმებო.
მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. გაბუტულმა ვილიანმა გადაწყვიტა ამიერიდან ნებისმიერი მსურველის შეთავაზება განიხილოს.
ვილიანი „ჩელსიში” მახაჩკალის „ანჟიდან” გადავიდა. 2013 წელს ლონდონელებმა დაღესტნელებს მასში 30 მილიონი გირვანქა გადაუხადეს.