კრიშტიანუ რონალდუ გუშინ სასწრაფოდ გაფრინდა პორტუგალიაში, საიდანაც შეატყობინეს, რომ დედამისს დოლორეშ ავეირუს გულის შეტევა ჰქონდა. მოგვიანებით კი მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ტვიტერზე დაწერა, რომ დედა უკეთაა და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს.
„დიდი მადლობა მესიჯებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე დედა საავადმყოფოშია, სტაბილურადაა და გამოჯანმრთელების გზაზე დგას. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ექიმების ჯგუფს, რომელიც მასზე ზრუნავს და უმორჩილესად ვთხოვოთ ყველას, ერთხანს წყნარად ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცენ”.
გავრცელებული ცნობების თანახმად დოლორეშ ავეირუს ჰქონდა იშემიური შეტევა, რომელიც ტვინში არსებულმა სისხლის კოლტმა გამოიწვია.
კრიშტიანუს დედასთან ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს. დოლორეში რამდენჯერმე შეუმჩნევიათ მოედანზე, როდესაც მისმა ვაჟმა ესა თუ ის ჯილდო მოიგო.
რონალდუ, დედაზე ყოველთვის ემოციურად ლაპარაკობს, თუმცა ერთ-ერთ ტელეინტერვიუში სახალისო ამბავიც მოჰყვა.
„მას დაძაბული თამაშების ნახვა აკრძალული აქვს. მე მყავს მეგობრები, რომლებიც ასეთ დროს დედასთან რჩებიან და მასთან ერთად სახლს უვლიან გარშემო. სტადიონზე ორჯერ ცუდად გახდა. გული წაუვიდა. ვერ ვხვდები რატომ, მაგრამ ძალიან ნერვიულობს ხოლმე.
სამწუხაროდ, მამა აღარ მყავს და დედის დაკარგვა არ მინდა. ამიტომაც ვუკრძალავ: ნახევარფინალებს და ფინალებს საერთოდ აღარ შეხედავს”.