ხდება ხოლმე, ადამიანები რაღაცას ქმნიან და შემდეგ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, სამარადისო მონუმენტს საკუთარ სახელს უგებენ. თანამედროვე სამყაროში ფეხბურთი ხომ მხოლოდ მწვრთნელები და ფეხბურთელები აღარ არიან, საფეხბურთო მოღვაწეები კლუბის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ფლორენტინო პერესის დიდი ამბიციები რომ არა, შესაძლოა „რეალი“ დღეს ასეთი წარმატებული არ ყოფილიყო. მეორე მადრიდული გუნდისთვის, „ატლეტიკოსთვის“, ვისენტე კალდერონი სწორედ ასეთი პრეზიდენტი იყო.
ვისენტე კალდერონმა 1966 წელს სტადიონის მშენებლობა დაასრულა, რომელსაც „ესტადიო მანზანარესი“ ეწოდა. მოგვიანებით, არენას სახელი შეუცვალეს და პრეზიდენტის ღვაწლის დასაფასებლად სწორედ მისი სახელი ეწოდა. ამ ადგილმა „ატლეტიკოს“ წარმატებისა თუ წარუმატებლობის ყველა დროებას გაუძლო და კლუბს 2017 წლამდე ემსახურა, 2019 წელს კი მისი დაშლა დაიწყეს და დღეს საქმე თითქმის ბოლომდეა მისული. ამ ნაგებობის დემონტაჟმა გული ისევე დაგვწყვიტა, როგორც „ჰაიბერიმ“ (არსენალის ძველმა სტადიონმა), „აპტონ პარკმა“ (ვესტ ჰემის სტადიონმა) და კიდევ ზოგიერთმა სხვამ…
თუმცა, დიდი პრეზიდენტის სახელი ამით დავიწყებას არ მიეცა. გულშემატკივრებმა და კლუბის ხელმძღვანელობამ ქალაქ ტორელავეგას (ესპანეთის ჩრდილოეთით) საბჭოს მიმართეს, რომ ვისენტე კალდერონის სახელი ქუჩისთვის დაერქმიათ, სადაც ეს დიდი ადამიანი დაიბადა. საბჭომაც თხოვნა დააკმაყოფილა და კალე პედრო სობრადოს ნაცვლად, ესპანეთში ახლა კალდერონის ქუჩა იქნება…