ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა მადრიდის „ატლეტიკო” 12 000 ევროთი დააჯარიმა. მიზეზი: 1 დეკემბერს, „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოსა” და „ბარსელონას” შეხვედრაში მაყურებელი სტუმართა ფრანგ თავდამსხმელ ანტუან გრიზმანს მოკვდიო, უძახდა.

ის თამაში „ბარსელონამ” 1:0 მოიგო.

კატალონიური პრესა განმარტავს, რომ დანაშაული, რომელიც მადრიდელმა ქომაგებმა ჩაიდინეს, სერიოზულად მიიჩნევა და 6000 ევროდან 18 000 ევრომდე ისჯება. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით სტადიონ „ვანდა მეტროპოლიტანოს” სასჯელი არ შეეხება.

„ბარსელონა” და „ატლეტიკო”ერთმანეთს აპრილის ბოლოს, „კამპ ნოუზე” შეხვდებიან.

გრიზმანი 2014–2019 წლებში „ატლეტიკოში” თამაშობდა.