ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „ნაპოლისა” და „ბარსელონას” შეხვედრა 1:1 დასრულდა. დაგვაინტერესა, როგორ აფასებდა თამაშს კატალონიური „სპორტი” და ამიტომ მის მოკლე მიმოხილვას გავეცანით:
„კიდევ კარგი ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად მორიგ წაგებას მაინც გადავრჩით, თუმცა „ბარსელონას” მიერ ნეაპოლში ნათამაშებმა ფრემ საფიქრალი დაგვიტოვა. ახლა დისკვალიფიცირებულები იქნებიან სერხიო ბუსკეტსი და არტურო ვიდალი, რომელიც ამ შეხვედრაში მოედნიდან გააძევეს. ჟერარდ პიკემ კოჭი იტკინა, ეს ყველაფერი კი დაემატა უკვე არსებულ პრობლემებს — სერხი რობერტოს, ლუის სუარესის და ოსმან დემბელეს ტრავმებს. თუმცა, ყველაზე ცუდი იმის ყურება იყო, თუ როგორ გაუჭირდა „ბარსელონას” ჯენარო გატუზოს „ნაპოლის” გატეხვა.
მასპინძლებმა უკიდურესად დაცვითი სქემა აირჩიეს: უკან ჩამდგარი ოთხი მცველი, ღრმად ჩასული ოთხი ნახევარმცველი და უკან დახეული თავდამსხმელთა წყვილი. პერიოდულად რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთი მეკარით და ათი მცველით იყვნენ მოედანზე.
მაგრამ, ანგარიში მაინც მასპინძლებმა გახსნეს. „ბარსელონას” ნახევარმცველებმა ბურთი ვერ ჩაჭრეს, ჟუნიორ ფირპოს მეტოქემ ძალით აჯობა, უმოძრაო დაცვა კი თვალს ადევნებდა, თუ რა შესანიშნავად ჩაახვია დრეს მერტენსმა ბურთი მათ კარში. ეს იყო მერტენსის 121-ე გოლი „ნაპოლის” შემადგენლობაში, რითაც მარეკ ჰამშიკის რეკორდს გაუტოლდა.
ამის შემდეგ, „ბარსელონამ” ანტუან გრიზმანის მიერ 57-ე წუთზე გატანილ საპასუხო გოლამდე საინტერესო ვერაფერი შექმნა.
გოლს კი მოჰყვა ის, რომ თამაში ცოტა ხნით გაიხსნა, მაგრამ „ბარსელონამ” საინტერესო კვლავ ვერაფერი მოახერხა, ყველაზე სახიფათო მომენტი კი ხოსე კალეხონს ჰქონდა, როდესაც მისი დარტყმული ბრწყინვალედ მოიგერია მარკ ანდრე ტერ-შტეგენმა.
ამრიგად, „ბარსელონა” „კამპ ნოუზე” მისთვის უფრო სასარგებლო შედეგით ბრუნდება, თუმცა საფიქრალია, შეძლებს კი მიზნის მიღწევას, თუ კვლავ ასე ითამაშებს?”.