2020 წელი რომელიმე კლუბისთვის თუ არც ისე სახარბიელოდ დაიწყო, ეს „ბარსელონაა“.
კატალონიურ გრანდში ბევრი პრობლემაა. ჯერ იყო და გუნდის მესვეურებს მოთმინების ფიალა აევსოთ და ერნესტო ვალვერდეს სუპერთასის წაგება არ აპატიეს; მისმა შემცვლელმა კიკე სეტიენმა გუნდი კოპა დელ რეის გარეშე დატოვა; ბოლოს კი შიდა არეულობა და სამარცხვინო სკანდალიც გასკდა.
ცნობილი ამბავია, რომ სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილო ლიონელ მესი ყოფილ თანაგუნდელ და ამჟამად გუნდის ერთერთ ხელმძღვანელ ერიკ აბიდალს ღიად დაუპირისპირდა. 6 ოქროს ბურთის ბატონ-პატრონი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსაც გადაწვდა და ბოლოს ბავშვობის მეგობარ ჟერარდ პიკესაც წაეკინკლავა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო, „ბარსაში“ აგიზგიზებულ ცეცხლს ნავთი ესპანურმა მედიამაც დაასხა – ამბობენ, ბარტომეუმ  მილიონ ევროდ „ტროლები“ დაიქირავა, თავად რეპუტაცია გამოიკეთა და არგენტინელზე კი ჭორები დაყარაო.
ყოფილმა პრეზიდენტმა ხუან ლაპორტამ კი „ბლაუგრანას“ მოქმედი მესაჭე მაფიოზურ მმართველობაში დაადანაშაულა.
მოკლედ, ესპანეთის ჩემპიონის ბანაკში ისეთი ამბები ხდება, სეზონის ბოლოს იქ ბევრ ცვლილებებს უნდა ველოდოთ, კონფლიქტი კი იმდენად მწვავდება, შესაძლოა, არჩევანი მესისა და ბართომეუს შორის დადგეს. ძალა აღმართს ხნავსო და, თუ გავლენას კლუბის თილისმა შეეწირა, მაშინ ის დროა, ლეო ჩემოდანს ალაგებდეს.
ცხადია, მესის მთხოვნელების ჯარი დაუდგება. უკვე გამოიკვეთა პირველი რეალური ვარიანტიც, რომელზეც, შესაძლოა, 32 წლის თავდამსხმელი დაფიქრდეს, სანაცვლოდ კი დიდძალი ფული მიიღოს. MLS-დან „ლოს ანჯელეს გალაქსი“ აქტიურობს, რომელიც ლეოს მამას უკვე შეეხმიანა. მოკლედ, ზაფხულში „ბარსაში“ დიდი ამბები გველოდება, ახალი სეზონიდან კლუბს, შესაძლოა, ახალი კაპიტანი ან პრეზიდენტი ჰყავდეს.