არსენ ვენგერმა თამაშგარეს განსაზღვრის ახალი ფორმულა შექმნა. ვიდრე მისი შრომის შედეგს გაგაცნობთ, გავიხსენოთ, როგორ ჟღერს მოქმედი წესი:
„ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაშია, თუ მისი თავის, ტანის ან ფეხის ნებისმიერი ნაწილი უფრო ახლოსაა მეტოქის კარის ხაზთან, ვიდრე ბურთი და მეტოქის ბოლოსწინა ფეხბურთელი. ნებისმიერი ფეხბურთელის, მათ შორის მეკარის ხელების მდგომარეობა მხედველობაში არ მიიღება”.
ახლა ვნახოთ, როგორ ჟღერს ვენგერის ფორმულა:
„თუ სხეულის ნებისმიერი ნაწილი, რომლითაც შესაძლებელია გოლის გატანა, უკანასკნელ მცველთან ერთ ხაზზე ან მის უკან იმყოფება, თამაშგარე არ ითვლება მაშინაც კი, თუ სხეულის ყველა სხვა ნაწილი მცველზე წინაა”.
ანუ: თამაშგარე მხოლოდ მაშინ ითვლება, თუ შემტევი მთელი ტანით წინაა, ვიდრე დამცველი. სულ ცინცხალი მაგალითი: „ჩელსი“-„მანჩესტერის“ შეხვედრაში ოლივიე ჟირუს ტერფის მხოლოდ ნაწილი იყო თამაშგარეში. ვენგერის წესით, ეს გოლი აუცილებლად ჩაითვლებოდა. ამას გარდა, ვენგერი დარწმუნებულია, რომ მისი ფორმულა მკვეთრად შეამცირებს VAR ტექნოლოგიის გამოყენებაზე დახარჯულ დროს.
რა რჯის მუსიე ვენგერს? ნოემბერში ის FIFA-ს გლობალური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი გახდა და მისი ამოცანა ფეხბურთის წესების შემცვლელ კომისიაში მუშაობაცაა. ეს კომისია 29 თებერვალს ბელფასტში შეიკრიბება და ვენგერის პროექტსაც განიხილავს.
და რას შეცვლის ახალი წესი? გასაგებია, რომ მოიმატებს შედეგიანობა და შესაბამისად, სანახაობრივი მხარეც. სხვა მხრივ კი, თუ აქამდე თამაშგარე შემტევის ყველაზე წინა წერტილით განისაზღვრებოდა, ახლა ყველაზე უკანა წერტილით განისაზღვრება, თუმცა გადაწყვეტილებას ისევ ის ლაინსმენები მიიღებენ და ალბათ, VAR ტექნოლოგიაც ისევ ხშირად გახდება მოსახმობი.
ისე კი, ფეხბურთს ბევრი გოლი უხდება და, დე იყოს ვენგერის წესი.