როგორც იქნა, ეს დღეც დადგა! „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებს ტრაბახის და დაცინვის საშუალება მიეცათ. მათი „ხმაურიანი მეზობლები” უეფამ ორი წლით მოკვეთა ჩემპიონთა ლიგიდან და ახლა, არ არის გამორიცხული, რომ ამას ზედ ცინიკური ამბავიც დაემატოს — „სიტის” ადგილი ევროპაში სწორედ „იუნაიტედმა” დაიკავოს.
გუშინ, „იუნაიტედი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშებოდა (2:0 მოუგო), მაგრამ სტუმარი გუნდის ფანები ტრიბუნიდან „სიტის” უმღეროდნენ: „აი, რას ნიშნავს „სიტი” რომ ხარ! აი, რას ნიშნავს პატარა რომ ხარ! აი, როგორია, როდესაც პასპორტის უჯრაში ჩაბრუნება გიწევს!”
„იუნაიტედის” გოლები შესანიშნავი თავური დარტყმებით ანტონი მარსიალმა და ჰარი მაგუაირმა გაიტანეს. ახლა ოლე გუნარ სულშერის გუნდს ევროპის უდიდეს შეჯიბრებაში დაბრუნების პერსპექტივა გამოუჩნდა, „ჩელსი” კი… დასავლეთლონდონელებმა ბოლო ოთხ თამაშში მხოლოდ ორი ქულის მოპოვება მოახერხეს. 2016 წლის მაისის შემდეგ, მათ ზედიზედ ოთხი მატჩი მოგების გარეშე არ ჩაუტარებიათ.
მეორე მხრივ, „ლურჯების” მწვრთნელს, ფრენკ ლემპარდს სრული უფლება აქვს ნაწყენი იყოს. მას შეუძლია თქვას, რომ მაგუაირი 66-ე წუთზე (როდესაც გოლი გაიტანა) მოედანზე აღარ უნდა ყოფილიყო. ის, უხეშობისთვის, მანამდე უნდა გაეძევებინათ. ამას დაამატეთ, რომ ყბადაღებულმა ვიდეორეფერიმ „ჩელსის” ორი გოლი არ ჩაუთვალა და პლიუს, ჯინაზე ტრავმებმაც ახლა მოიცალა: ნგოლო კანტე და ანდრეას კრისტენსენი შესაცვლელები გახდნენ; პირველი მე-12, ხოლო მეორე 46-ე წუთზე. ამას დაამატეთ, რომ იმთავითვე ცნობილი იყო — „ჩელსის” საუკეთესო ბომბარდირი ტამი აბრაჰამსი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ადრე დაშავებული ნგოლო კანტეს ნაცვლად ლემპარდმა მოედანზე მეისონ მაუნტი შეიყვანა, რომელსაც გვარიანი დრო მიეცა, რათა ტრიბუნაზე მჯდომ ნაკრების მწვრთნელზე გარეთ საუთგეიტზე შთაბეჭდილება მოეხდინა. ვერ გეტყვით, როგორი შთაბეჭდილება დატოვა მაუნტმა საუთგეიტზე, მაგრამ გულშემატკივარს თვალში იმით მოხვდა, რომ 89-ე წუთზე ძელს გაარტყა ბურთი.
ვვარაუდობთ, რომ ამ შეხვედრის შემყურე საუთგეიტი მთელი რიგი მიზეზების გამო უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო. ერთ-ერთი მიზეზი: „ჩელსის” სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ინგლისელი ფეხბურთელი ჰყავდა — რის ჯეიმსი. და საერთოდ, ინგლისელთა ეროვნული გუნდის თავკაცი ალბათ კიდევ ერთხელ დარწმუნდებოდა, რომ დაცვის მარჯვენა ფრთაზე საქმე კარგად ვერ აქვს.
ბოლოს კი დავძენთ, რომ 1987-88 წლების სეზონის შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ჩელსის” ჩემპიონატის ორივე თამაში პირველად მოუგო.