ალესანდრო დელ პიერო

„იუვენტუსის” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას ხვედრი იტალიური გუნდის გაწვრთნაა. მეორე მხრივ, გუშინ დაირხა ხმა, თითქოს გვარდიოლამ თავის ესპანელ მეგობრებს უთხრა, რომ აუკრძალავენ „მანჩესტერ სიტის” ჩემპიონთა ლიგაში თამაშს თუ არა, მომდევნო სეზონში ის მაინც „ეტიჰედზე” იმუშავებს.

პარასკევს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ უეფა ინგლისის მოქმედ ჩემპიონს სჯის და ორი წლით უკრძალავს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობას, „იუვენტუსს”, რომელიც იმედოვნებს, რომ „სიტის” კატალონიელ თავკაცს გადაიბირებს, იმედი მიეცა.

მონაკოში, მსოფლიო სპორტის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე მიწვეულმა დელ პიერომ თქვა: „იტალიაში უკვე ლაპარაკობენ, რომ „მანჩესტერ სიტიდან” მწვრთნელიც წავა და ფეხბურთელებიც უკან მიჰყვებიან. ახლა მთელი საფეხბურთო სამყარო იმას ფიქრობს, რა მოიპაროს მანჩესტერიდან.

გასულ ზაფხულს სულ იმას ამბობდნენ, გვარდიოლა „იუვენტუსში” მოდისო. ახლაც იგივე მეორდება.

პეპის მწვრთნელად ხილვა მსოფლიოს ნებისმიერ კლუბს უნდა. მეც სიამოვნებით ვნახავდი მას იტალიაში. ის ჩემპიონი გახდა ესპანეთში, გერმანიასა და ინგლისში. თუკი ამ გზიდან არ გადაუხვევს, „იუვენტუსსაც” ჩაუდგეს სათავეში”.

„ჩელსის” ყოფილი მოთამაშე-მწვრთნელი, წარსულში მსოფლიო ფეხბურთის დიდი ვარსკვლავი რუუდ გულიტიც ფიქრობს, რომ გვარდიოლა ზაფხულში „ეტიჰედიდან” წავა. 90-იანი წლების დაუვიწყარი „მილანის” ერთ-ერთმა მთავარმა ვარსკვლავმა თქვა:

„თანავუგრძნობ მთელ „მანჩესტერ სიტის”, ფანებს, ფეხბურთელებს. რაც მოხდა ნამდვილი საშინელებაა, მაგრამ მე ვიცნობ პეპს და ვიცი, რომ მას ძალიან უნდა კიდევ მოიგოს ჩემპიონთა ლიგა. ვფიქრობ, გვარდიოლა „იუვენტუსში” გადასვლაზე აუცილებლად დაფიქრდება, რადგან ტურინში მას მოუთმენლად ელიან.

რუუდ გულიტი

სხვა საკითხია, ეს რამდენად სწორი საქციელი იქნება, მაგრამ, ვიმეორებ, პეპს ჩემპიონთა ლიგის ორომტრიალი სჭირდება, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს ეკუთვნის”.

„მანჩესტერ სიტის” დატოვება გვარდიოლასთვის ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, რადგან 2016 წლის შემდეგ გაწეული დიდი ამაგის და მოპოვებული ტიტულების გარდა კატალონიელს კონკრეტულ პიროვნებებთანაც აკავშირებს საგანგებო ურთიერთობა. „ქალაქელთა” აღმასრულებელი დირექტორები ჩიკი ბეგერისტაინი და ფერან სორიანო მისი სიყმაწვილის მეგობრები არიან და თავმჯდომარე ხალდუნ ალ მუბარაკთანაც გამორჩევით კარგად არის.

აქვე დავძინოთ, რომ ფინანსური მაქინაციები, რომელთა გამოც „სიტის” სჯიან, გვარდიოლას მანჩესტერში ჩასვლამდელია ანუ პეპს „ეტიჰედზე” კარგის მეტი არაფერი უნახავს.